ახალი ამბები

რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში მიმავალი გემების ”ხელშეუხებლობას” უზრუნველყოფენ

რუსი მესაზღვრეები დაეხმარებიან აფხაზ კოლეგებს იმ გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონში მიემართებიან, არ მისცემენ რა ამიერიდან ქართულ მხარეს მათი დაკავების საშუალებას.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ადასტურებს როგორც რუსული, ისე აფხაზური მხარე.

”რია ნოვოსტი” რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ევგენი ინჩინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს გააჩნია ”კატერების ჯგუფი, რომლებიც ამ ამოცანას შეასრულებენ, ანუ უზრუნველყოფენ [გემების] ხელშეუხებლობას… ეს მოხდება უახლოეს ხანებში”.

ამასთან, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესსაც. 

რუსეთმა ცოტა ხნის წინ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან შეთანხმებები გააფორმა, რითაც მათი საზღვრების ერთობლივად დაცვის უფლება მიიღო.

”სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ითვალისწინებს ერთობლივ მოქმედებებს რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით,”- იუწყება ”ინტერფაქსი” სეპარატისტული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფის უფროსის ზურაბ მარგანიას სიტყვებზე დაყრდნობით.

ბოლო პერიოდში ქართველმა მესაზღვრეებმა აფხაზეთის მიმართულებით მოძრავი ორი გემი დააკავეს. 17 აგვისტოს დაკავებულ ტანკერს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ”მრავალჯერ უკანონოდ” გადაკვეთასა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი, თურქეთიდან სოხუმის მიმართულებით ენერგოპროდუქტები გადაჰქონდა. ამ შემთხვევას სოხუმის მწვავე რეაქცია მოჰყვა, განაცხადა რა 19 აგვისტოს სეპარატისტების ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომ ის ”პროპორციულ ზომებს” მიმართავს, თუ თბილისი კვლავაც განაგრძობს გემების დაკავებას. 20 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა აფხაზეთიდან თურქეთისკენ მიმავალი კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემი დააკავეს, რომელსაც შავი ლითონის ჯართი გადაჰქონდა.

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს თბილისის უნებართვო შესვლას და სამეწარმეო საქმიანობას სეპარატისტულ რეგიონებში. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ამ მოტივით წელს აფხაზეთში უკანონოდ შესვლისთვის ოთხი გემია დაკავებული. ”რია ნოვოსტი” იტყობინება, რომ წელს სხვადასხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ აფხაზეთის მიმართულებით მოძრავი სულ 23 გემი დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button