
ბურჯანაძეს წყნეთის აგარაკს აუქციონზე გაუყიდიან
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის კუთვნილ აგარაკს წყნეთში აუქციონზე გაიტანენ გასაყიდად.
ფინანსთა სამინისტროს ეს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 აგვისტოს დააკმაყოფილა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ღვალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აუქციონის დღე მას შემდეგ დაინიშნება, რაც გასაჩივრების ვადები ამოიწურება.
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 18 აგვისტოს განჩინება, სადაც სასამართლომ უარი უთხრა ნინო ბურჯანაძეს აგარაკზე დაკისრებული საგადასახადო დავალიანების – 1 251 487 ლარის – ბათილად ცნობაზე. ეს დავალიანება გაანგარიშდა წყნეთის აგარაკის 12 109 997 ლარად შეფასების საფუძველზე. 18 აგვისტოს გადაწყვეტილება ბურჯანაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ბურჯანაძის მხარე აცხადებს, რომ თავდაპირველად აგარაკი, რომელიც მან პრეზიდენტისგან 2008 წლის მაისში საჩუქრად სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო, შეფასებული იყო დაახლოებით 2.8 მლნ ლარად და ამ შემთხვევაში გადასახადი დაახლოებით 300 ათასი ლარი უწევდა. თუმცა ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, მას შემდეგ რაც ყოფილი სპიკერი ოპოზიციაში გადავიდა, მისი აგარაკის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს.
აღნიშნული დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში მოგების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ ბურჯანაძის წყნეთის აგარაკი 24 აგვისტოს დააყადაღა საგადასახადო კოდექსში 9 აგვისტოს ამოქმედებული იმ ცვლილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლება მიენიჭა ყადაღა დაადოს გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებას და დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
This post is also available in: English Русский