skip to content
ახალი ამბები

მედვედევი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის გადაწყვეტილება არ გადაიხედება

იმის პარალელურად, რომ 26 აგვისტოს სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის ცნობის წლისთავს ზეიმობენ, პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ აღიარების გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

”მე ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, მას ლეგიტიმურადაც მივიჩნევ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, სამართლიანადაც და აბსოლუტურად აუცილებლადაც. ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს შეუცვლელს, რასაც ჩვენ შევასრულებთ,”- განუცხადა მედვედევმა ჟურნალისტებს მონღოლეთში ვიზიტისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება მოსკოვის მთავარი შეცდომა იყო.

ამასთან, ცხინვალი სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს ”დამოუკიდებლობის წლისთავს”, მათ შორის ”გაზპრომის” მიერ დაფინანსებული გაზსადენის გახსნის ოფიციალური ცერემონიალით. ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენი, რომელიც რეგიონს ჩრდილოეთ ოსეთს უკავშირებს, თბილისის გვერდის ავლით, სამხრეთ ოსეთს პირდაპირ მოამარაგებს გაზით.

თუმცა, სხვადასხვა რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გაზსადენის მშენებლობა სრულად არ დასრულებულა და ეს პროცესი შეფერხდა ადგილობრივი სამართალდამცავების მიერ რუსული კომპანია ”სტროიპროგრესის” სამშენებლო ტექნიკის გაჩერების გამო. ამავე ცნობით, ეს ნაბიჯი გამოიწვია დაპირისპირებამ კოკოითსა და ალბერტ ჯუსოევს შორის, რომლის სამშენებლო ფირმაც გაზსადენის პროექტის ადგილობრივი კონტრაქტორია.

ამასთან, დღეს ცხინვალის ცენტრში, მუსიკალური სკოლის შენობასთან შუადღისას აფეთქების ხმა გაისმა. სეპარატისტული ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხინვალმა ქართული მხარე დაადანაშაულა აფეთქებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button