ახალი ამბები

ევროკავშირთან ვიზების გამარტივების, რეადმისიის ხელშეკრულებების ტექსტი შეთანხმებულია

24-25 აგვისტოს ბრიუსელში საქართველომ და ევროკავშირმა რეადმისიისა და ვიზების გამარტივებული გაცემის შესახებ ხელშეკრულებების ტექსტები შეათანხმეს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

მოლაპარაკებათა ამ რაუნდს თბილისი ”კონტრუქციულად” აფასებს და აღნიშნავს, რომ ”შეთანხმებებში გათვალისწინებულ იქნა ქართული მხარისათვის პრიორიტეტული საკითხები”.

თუმცა ხელმოწერამდე, რომელიც წლის ბოლომდე იგეგმება, მხარეთა მოწონებული ტექსტები საჭიროებს  ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საბოლოო შეთანხმებას.

ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შარშან ნოემბერში გადაწყვიტა. ევროკავშირის პრაქტიკაშია დაავალოს ქვეყნებს ხელი მოაწერონ ევროკავშირში მყოფი მათი არალეგალი მოქალაქეების დაბრუნებაზე შეთანხმებას, ამ ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების სანაცვლოდ. 

იმავდროულად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა, რომელიც თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს 25 აგვისტოს ტალინში შეხვდა, განაცხადა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ”სავიზო და რეადმისიის ხელშეკრულებების სწრაფად დადებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის”. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პაეტმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომხრეა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირებული ურთიერთობების შესახებ შეთანხმებებზე, ”მაშინვე როგორც კი საქართველოს მზად იქნება ამისთვის”.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button