
გემის ყოფილი კაპიტანი აფხაზეთში ნაოსნობისთვის დააკავეს
24 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა ბათუმში დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ იმანვერდიევი, იმ თურქული ტანკერის – "BUKET” ყოფილი კაპიტანი, რომელიც სანაპირო დაცვამ გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ”მრავალჯერ უკანონოდ” გადაკვეთის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევისთვის დააკავა.
”იმანვერდიევმა 2009 წლის 14 ივნისს აღნიშნული ტანკერით გადმოიტანა და სოხუმის ნავსადგურში გადმოტვირთა უკრაინის ნავსადგურ რენე–დან გადმოზიდული 2600 ტონა ბენზინი,”- ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.
გემის ყოფილი კაპიტანი ბათუმში მდგარ ერთ-ერთ ტანკერზე ჩატარებული საპასპორტო შემოწმების შედეგად დააკავეს; ამჟამად მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სასაზღვო პოლიციის ცნობით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "BUKET”, რომლის ეკიპაჟის თურქეთის 13 და აზერბაიჯანის 4 მოქალაქისაგან შედგებოდა, 17 აგვისტოს დააკავეს, როცა თურქეთის პორტიდან სოხუმის მიმართულებით გადაადგილდებოდა და 2000 ტონა ბენზინი და 700 ტონა დიზელის საწვავი ”კონტრაბანდის სახით” შეჰქონდა.
აღნიშნული ტანკერის თურქული ოპერატორი კომპანიის Densa Tanker Operators განცხადებით, გემი საქართველოს სანაპირო დაცვამ საერთაშორისო წყლებში, სინოპიდან 96 მილის და ფოთიდან 256 მილის დაშორებით დააკავა.
იმავდროულად, თურქული გაზეთი Referans-ი 25 აგვისტოს იტყობინება, რომ თურქეთის ბიზნესმენთა და ექსპორტიორთა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ – ”აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაცია” მიმართა თურქეთის ხელისუფლებას გემების დაკავების საკითხი ქართველ კოლეგებთან განიხილოს.
ამავე გაზეთის ცნობით, დღეისათვის საქართველოში დაკავებული რჩება 10 თურქული გემი, მათ შორის სატვირთო და მცირე ზომის თევზმჭერი გემები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)