ახალი ამბები

სოხუმი მოუწოდებს ევროკავშირს, გაეროს შეაჩეროს საქართველოს ”მეკობრეობა”

სოხუმი მიმართავს ”პროპორციულ ზომებს”, რათა დაიცვას სეპარატისტული რეგიონისკენ მიმავალი გემები, თუ თბილისი განაგრძობს მათ დაკავებებს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თავის მიმართვაში გაეროს, ევროკავშირისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისადმი 18 აგვისტოს.

საქართველოს სანაპირო დაცვამ 17 აგვისტოს დააკავა თურქული ტანკერი, რომელსაც საწვავი მიჰქონდა სოხუმში. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს თბილისის უნებართვო ეკონომიკურ აქტივობებს სეპარატისტულ რეგიონებში.

სერგეი ბაღაფში თავის მიმართვაში წერს, რომ თურქული გემის დაკავება არის ”საქართველოს მხრიდან მეკობრეობის მესამე შემთხვევა” მიმდინარე წელს.

”ეს ინციდენტი ადასტურებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს მხრიდან. ამასთან, ის იყენებს სხვადასხვა მეთოდებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ზეწოლისა აფხაზეთზე,”- განაცხადა ბაღაფშმა და ასევე ბრალი დასდო ქართულ მხარეს 12 აგვისტოს გაგრაში, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა და სოხუმში მომხდარ აფეთქებებში.

”მრავალრიცხოვანი საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან ოფიციალური თბილისის მოქმედებების ადეკვატური შეფასებების არ არსებობა აფხაზური მხარის მიერ განიხილება, როგორც საქართველოს აგრესიული პოლიტიკის მიზანმიმართული წახალისება, რომელიც შეიძლება მივიდეს დაძაბულობის ახალ ესკალაციამდე,”- აცხადებს ბაღაფში.

მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო მექანიზმების, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების, სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საერთაშორისო თანამეგობრობა ”გავლენა მოახდინოს თბილისზე შემდგომი პროვოკაციების აღსაკვეთად”.

”ჩვენ ასევე ვითხოვთ თქვენს თანადგომას ქართველი მესაზღვრეების მიერ შეპყრობილი ტანკერის დაბრუნების საქმეში,”- წერს ბაღაფში თავის მიმართვაში, ”წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზური მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს პროპორციული ზომები იმ ტვირთების დასაცავად, რომელიც აფხაზეთში მოემართება და პასუხისმგებლობას შესაძლო შედეგებზე ქართულ მხარეს აკისრებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button