skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გადადგა

სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადადგა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 18 აგვისტოს.

ლაკობას თქმით, მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა  ”უკანასკნელმა მოვლენებმა, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებს და სხვა”. 

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 31 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც გალის რაიონში მცხოვრები ათასობით ეთნიკური ქართველი აფხაზური მოქალაქეობის მიღებას შეძლებდა. თუმცა ადგილობრივი ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან პროტესტის შემდეგ სეპარატისტი ლიდერი სერგეი ბაღაფში, რომელიც მხარს უჭერდა ამ გადაწყვეტილებას, იძულებული გახდა კანონი უკან დაებრუნებინა პარლამენტისთვის გადასახედად. 6 აგვისტოს დე ფაქტო პარლამენტმა გააუქმა ეს ცვლილება. 

ეს უკვე მეორე ფაქტია, როცა სეპარატისტულ ხელისუფლებას მაღალი თანამდებობის პირი ტოვებს. ცოტა ხნის წინ ასეთივე გადაწყვეტილება რაულ ხაჯიმბამ მიიღო, როდესაც დატოვა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი რეგიონში დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button