ახალი ამბები

ბურჯანაძემ წყნეთის აგარაკზე პირველი ინსტანციის სასამართლო წააგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნინო ბურჯანაძეს, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერს არ დაუკმაყოფილა სარჩელი და 1 251 487 ლარის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება წყნეთის აგარაკს, რომელიც შარშან მაისში პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე ბურჯანაძემ სიმბოლურ ფასად  – 1 ლარად იყიდა. ამ სიმბოლური ფასის მიუხედავად, ბურჯანაძეს მაინც უნდა გადაეხადა გადასახადი, რომელიც აგარაკის საბაზრო ღირებულებიდან გამოიანგარიშება.

ბურჯანაძის პარტიის განცხადებით, თავდაპირველად აგარაკი შეფასებული იყო დაახლოებით 2.8 მლნ ლარად და ამ შემთხვევაში გადასახადი დაახლოებით 300 ათასი ლარი უწევდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბურჯანაძემ ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფომ ხელმეორედ შეაფასა მისი 1 ლარად მიღებული ქონება და ღირებულება 12 109 997 მლნ ლარამდე გაზარდა, რამაც ავტომატურად გამოიწვია საგადასახადო ვალდებულების ზრდაც.

ბურჯანაძე თავის სარჩელში ითხოვდა ”ხელოვნურად” გაზრდილი გადასახადის გაუქმებას და თანახმა იყო გადაეხადა მხოლოდ 300 ათასი ლარი. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბურჯანაძეს დააკისრა 1 233 360 ლარის გადასახადის და ასევე 18 ათასი ლარის საურავის გადახდა.

ბურჯანაძის მხარის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ის, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. 

ექს-სპიკერს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი აქვს შეტანილი, რომელიც მისთვის, როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, სახელმწიფო დაცვის მოხსნას ეხება. პარლამენტის რეგლამენტით, ექს-სპიკერს დაცვა და სამსახურეობრივი მანქანა ახალი მოწვევევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button