skip to content
ახალი ამბები

თორთლაძე ლუსტრაციის კანონის მიღებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმცირესობიდან ფრაქცია ძლიერი საქართველოს თავმჯდომარე გია თორთლაძე დღეს ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.

მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, უმაღლეს თანამდებობებზე არ შეიძლება მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ლიდერები. თუ ეს ადამიანები  თანამდებობებზე უკვე დანიშნულნი არიან, უნდა გადადგნენ  კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური კომისია მათ ვინაობასა და მონაცემებს საჯაროს გახდის, აღნიშნა თორთლაძემ.

დეპუტატის განცხადებით, კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში კომისიას, რომელიც ლუსტრაციის თემატიკაზე იმუშავებს, ასევე უნდა გადაეცეს საიდუმლო აგენტების მიერ საბჭოთა უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ მონაცემები.

ეს ინიციატივა ძირითადად იმეორებს იმ კანონპროექტის პრინციპებს, რომელიც 2007 წელს წინა მოწვევის პარლამენტში მმართველმა პარტიამ ჩააგდო იმ მოტივით, რომ ნაციონალური მოძრაობის შიგნით ამ საკითხის ირგვლივ დისკუსია დამთავრებული არ იყო. ეს კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ლუსტრაციის კანონმდებლობის მიღების მესამე მცდელობა იყო, 2005 წლის შემოდგომაზე მოამზადეს დეპუტატებმა რესპუბლიკელებიდან და კონსერვატორებიდან, რომელთა ფრაქციაშიც მაშინ ასევე შედიოდა გია თორთლაძე.

მსგავსი/Related

Back to top button