skip to content
ახალი ამბები

გალში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მესამე შეხვედრა გაიმართა

გალში დღეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგით მესამე შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ  გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის დაცვისა და მათი ენგურის ხიდზე უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილების შესახებ საკითხები დააყენა.

გალში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის რუსლან ქიშმარიას განცხადებით, აფხაზური მხარე კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ”ვინც ეცდება საზღვარზე გადასვლას დადგენილი ადგილის გვერდის ავლით და შესაბამისი საშვის გარეშე, დაკავებული იქნება”. 

”ამასთან დაკავშირებით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფო საზღვარი მდინარე ენგურზე დაკეტილია, გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ენგურის მთავარი ხიდით და შესაბამისი სპეციალური თანხმმობის არსებობის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში გადასვლა უკანონოა”, – იუწყება სააგენტო ”აფსნიპრესი” რუსლან ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ამ შეხვედრაზე აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
 
”ამ საკითხების მიმართ ყურადღება იქნება განსაკუთრებით დიდი და ჩვენ გვინდა, რომ არც ერთი ფაქტი ქართველების წინააღმდეგ ძალადობის და მათი უფლებების შეზღუდვის არ დარჩეს რეაგირების გარეშე,”- განუცხადა შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

რუსლან ქიშმარიას განცხადებით, შეხვედრაზე ქართული მხირდან ასევე დაისვა საკითხი გალის და ზუგდიდის რაიონებში ერთობლივი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე, რაზეც ქიშარიას ინფორმაციით, აფხაზური მხარე ”კატეგორიული წინააღმდეგი” წავიდა.  

”ჩვენ ვუთხარით, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე გამოძიებას ჩაატარებენ აფხაზები და რუსები, ხოლო საქართველოში – ქართველების და ევროკავშირის წარმომადგენლები. ხოლო გაეროს წარმომადგენლები, აფხაზეთში და საქართველოში ჩასვლით კოორდინირებას გაუწევენ საგამოძიებო ღონისძიებებს,” – განაცხადა ქიშმარიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე  აფხაზურმა მხარემ კვლავ დააყენა დავით სიგუას განთავისუფლების საკითხი, რაზეც ”ქართულმა მხარემ კვლავ განაცხადა, რომ დავით სიგუას შესახებ არაფერი იცის”. აფხაზური მხარის მტკიცებით, გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის თამაშრომელი დავით სიგუა 2007 წელს ქართველების მიერ იქნა გატაცებული.

”საერთო ჯამში შეხვედრა კონსტუქციულ გარემოში წარიმართა, მაგრამ გარკვეული დაძაბულობა იგრძნობოდა”, – აღნიშნა ქიშარიამ.

შემდეგი შეხვედრა 8 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button