skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების მიერ სროლის შესახებ ბოლო დროს გაკეთებული ურთიერთბრალდებების გამო.

”ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლებს ადგილზე, საქართველოში არ უნახავთ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სროლის შესახებ ურთიერთბრალდებებს,” – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, შვედეთმა, 3 აგვისტოს საღამოს ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს 29 ივლისს ცეცხლის გახსნაში, ხოლო 1 აგვისტოს სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ნაღმტყორცნიდან ორჯელ მოახდინა გასროლა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად განთავსებული ოსური საგუშაგოს მიმართულებით.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ განცხადების გაკეთებიდან ორიოდე საათში სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ მის საზღვრისპირა სოფელს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი.

სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების მტკიცებით, 3 აგვისტოს 22:05 საათზე ნაღმტყორცნიდან სამი გასროლა განხორციელდა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ფლავიდან ადმინისტრაციული საზღვრის ოსურ მხარეს მდებარე სოფელ ორთევის მიმართულებით. ორივე ეს სოფელი ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

”ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ რაიმე განცხადების ან ქმედებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე დროს,” – აღნიშნა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ განცხადებაში.

მან მოუწოდა ყველა მხარეს ითანამშრომლონ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში რათა მათ ქონდეთ საშუალება გაცვალონ ინფორმაცია და გამოიკვლიონ უერთიერთბრალდებები.

”ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ ევროკავშირის მონიტორინგის მისიისთვის შეუზღუდავი შესვლა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს,” – ნათქვამია განცხადებაში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button