ახალი ამბები

ევროკავშირის მონიტორები ცხინვალის მიმართულებით სროლის ბრალდებას არ ადასტურებენ

ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლებმა „ვერ მოიპოვეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ცხინვალის ან მისი მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით ცეცხლი იყო გახსნილი.“  

ცხინვალმა და მოსკოვმა თბილისი 1 აგვისტოს საქართველოს კონტროლირებადი სოფელ დიციდან ოსური საგუშაგოს მიმართულებით ნაღმტყორცნიდან ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა.

განცხადების გამოქვეყნებამდე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრეს–მდივანმა Civil.Ge-ის განუცხადა, რომ სროლის ფაქტი არ დასტურდებოდა, თუმცა ადმინისტრაციული საზღვრის ოსურ მხარეს ადგილი ქონდა ოთხ აფეთქებას, რომლის მიზეზიც უცნობი იყო.

„უფრო სრულყოფილი შეფასების გასაკეთებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ესაჭიროება ქონდეს საშუალება შევიდეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ ადგილი ქონდა ინციდენტს,“ ნათქვამია მისიის მიერ 1 აგვისტოს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მისია სავარაუდო ინციდენტების შესახებ გაკეთებული ბრალდებების თაობაზე „სერიოზულად შეშფოთებულია“.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება განცხადებების გაკეთებისას და ქმედებებში ამ განსაკუთრებით მგრძნობიარე პერიოდში,“ მაშინ როდესაც ახლოვდება აგვისტოს ომის წლისთავი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button