skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ”ტროიკა” არასაპარლამენტო ოპოზიციის ორ ლიდერს შეხვდა

ევროკავშირის დელეგაცია ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ხელმძღვანელობით თბილისში არასაპარლამენტო ოპოზიციიდან ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ევროპელ დიპლომატებთან ორი თემა – შიდაპოლიტიკური და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება განიხილეს.

”ჩვენ კონკრეტულად ვილაპარაკეთ როგორც უნდა ჩაერიოს ევროკავშირი უფრო ქმედითად შიდა პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებაში,”- განაცხადა ალასანიამ, ”და რა გამოსავალი შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვიპოვოთ”.

ლევან გაჩეჩილაძემ ალასანიას პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპელ დიპლომატებს გაუზიარა მისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ”დესტაბილიზაცია საქართველოში ძირითადად მოდის იმ ძალადობისგან, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ძალადობას ამ ქვეყანაში დაამთავრებს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა,”- განაცხადა მან, ”თუ სხვა ფიქრობს სხვანაირად, ყველა გზა არის გამოსაყენებელი, თუმცა მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ”.   

17 ივლისს დელეგაცია ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რომელმაც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაგრძელების საკითხი. 

"გარანტირებულად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ სექტემბრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი გაუგრძელდება,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები, მანდატის შესაბამისად, ევროპელი დამკვირვებლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვებასთან დაკავშირებით.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button