
აშშ-ის თქმით, მედვედევის ვიზიტი ცხინვალში არ დაეხმარება სტაბილურობას
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი რეგიონში სტაბილურობის დამყარების კუთხით, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან კელიმ 14 ივლისს.
მისი თქმით, ამ ვიზიტმა ხაზი გაუსვა ”ჩვენ ფუნდამენტალურ უთანხმოებებს ამ კუთხით”.
”თქვენ დაინახეთ, რომ პრეზიდენტმა ობამამ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირიდან და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში ყველამ უარი თქვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე,” – განაცხადა კელიმ. ”და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს პატივის სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, დაეხმაროს სტაბილურობას რეგიონში, მონაწილეობა მიიღოს ჟენევის პროცესში, განახორციელოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულბები. და მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს განაგრძონ საქარველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)