ახალი ამბები

გიორგი არველაძე მედია ჰოლდინგ ”იმედს” უხელმძღვანელებს

გიორგი არველაძე, პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირე და მთავრობის ყოფილი წევრი, მედია ჰოლდინგის გენერალური დირექტორი გახდა, რომელიც ტელეკომპანია ”იმედს” და რადიო ”იმედს” აერთიანებს.

ამ პოზიციაზე მან გიორგი ისაკაძე, შევარდნაძის მთავრობაში სახელმწიფო მინისტრი ყოფილი მოადგილე და ბიზნესმენთა ფედერაციის, რომლის პრეზიდენტიც გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი იყო, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი შეცვალა.

Georgia Media Production Group (GMPG) რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდმა ჩამოაყალიბა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ტელე-რადიო კომპანია ”იმედის” აქციების 90% შეიძინა 2009 წლის თებერვალში. გარიგების თანხა არ გახმაურებულა. ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” კუთვნილების საკითხი გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავის საგანს წარმოადგენს.

გიორგი არველაძემ განაცხადა 13 ივლისს ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომ იგი მხოლოდ მენეჯერულ ფუნქციებს შეასრულებს და მედია ჰოლდინგის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა.

არველაძე პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის იუსტიციის მინისტრობის დროს იყო შევარდნაძის ადმინისტრაციაში 2000-2001 წლებში. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი დეპუტატი გახდა და 2005 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, სანამ 2006 წელს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა. 2008 წლის იანვარში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად არველაძემ აქტიური პოლიტიკა დატოვა და კერძო ბიზნესში გადაინაცვლა. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button