skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი ინციდენტების პრევენციის შეხვედრებში მონაწილეობაზე პირობებს აყენებს

ცხინვალი უარს აცხადებს ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობაზე, სანამ ამ შეხვედრების თავმჯდომარეობის პრინციპი არ გაირკვევა, განაცხადა ბორის ჩოჩიევმა, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საქმეში.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 8 ივლისს იტყობინება ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ოსურმა მხარემ თავმჯდომარეობის სამი ვარიანტი წამოაყენა: რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა მიერ ამ შეხვედრების გაძღოლა;  მხარეთა როტაციის პრინციპით; ან მონაცვლეობით ქართული და სამხრეთ ოსური წარმომადგენლების თავმჯდომარეობა.

”ამ წინადადებების საპასუხოდ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავმჯდომარეობდეს ამ შეხვედრებს და თავის მხრივ, დაჟინებით მოითხოვა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობის თავმჯდომარეობა,”- განაცხადა ჩოჩიევმა.

ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით ამგვარი შეხვედრა უკვე ორჯერ გაიმართა ერგნეთსა და დვანში ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების და ასევე რუსი სამხედრო მეთაურების მონაწილეობით. მესამე შეხვედრა 23 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ჩაიშალა მონაწილეობაზე ოსური მხარის უარის გამო იმ მოტივით, რომ ცხინვალი ქართულ მხარეს აგვისტოს ომის შემდეგ პატიმრობაში აყვანილი რამდენიმე ოსის გათავისუფლებას თხოვდა.  თუმცა ქართული მხარე ოსების პატიმრობაში ყოფნას უარყოფს.

”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ მოგვცენ ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის სამ მოქალაქეზე. ეს ჩვენთვის ასევე პრინციპული საკითხია,”- განაცხადა ჩოჩიევმა. 

მსგავსი/Related

Back to top button