ახალი ამბები

საქართველო უარყოფს აფხაზურ განცხადებებს უპილოტო თვითმფრინავის ფრენებზე

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა 8 ივლისს, რომ თბილისმა განაახლა უპილოტო თვითმფრინავების ფრენები აფხაზეთის თავზე, თუმცა თბილისმა უარყო ეს ბრალდება და მას ”პროვოკაცია” უწოდა.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა განცხადებაში, რომ ორი ქართული უპილოტო თვითმფრინავი იქნა შენიშნული გალის რაიონის სოფელ საბერიოს თავზე, რომლებიც 7 ივლისს საღამოს 10 საათზე აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში შეფრინდნენ. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 35 წუთის შემდეგ ორი უპილოტო თვითმფრინავი შენიშნეს ტყვარჩელის რაიონის სოფელ ხუხუნის თავზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ის ”სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მხრიდან პროვოკაციული ქმედებების განახლების გამო, რასაც შესაძლოა მოყვეს კონფლიქტის ახალი ესკალაცია”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ამ განცხადებას ”პროვოკაცია” უწოდა.

”რუსული უპილოტო თვითმფრინავები დაფრინავენ და ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ,” – განუცხადა მან Civil.Ge-ს.

აფხაზურმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან ”ადექვატური რეაგირების არარსებობა” უპილოტო თვითმფრინავების ფრენების აღდგენის თაობაზე იწვევს ეჭვებს მისიის მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button