ახალი ამბები

ბურჯანაძის შეხვედრას უკრაინელ ოლიგარქთან დაფინანსებაზე ახალი განცხადებები მოჰყვა

გავრცელებულმა ინფორმაციამ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეხვედრაზე უკრაინელ ოლიგარქთან ვიქტორ პინჩუკთან კიევში კიდევ უფრო გაააქტიურა ხელისუფლების კამპანია იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციების დასაფინანსებლად საზღვარგარეთიდან ცდილობს თანხების მოზიდვას.

ინფორმაცია ბურჯანაძის პინჩუკთან – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძესთან –  შეხვედრის შესახებ 1 ივლისს გავრცელდა უკრაინული მედია წყაროებით, რომლებიც იტყობინებოდნენ, რომ 29 ივნისს კიევში ”საიდუმლო შეხვედრა” შედგა.

ბურჯანაძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ის ან უარყოფს და ან დაადასტურებს, როცა ჩათვლის საჭიროდ. ”ჩემი კერძო შეხვედრები არავის საქმე არ არის,”- აღნიშნა მან. თუმცა ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა, რომ მას დაფინანსების საკითხები არავისთან არ განუხილავს.

აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა ერთი კვირის თავზე, რაც ლევან გაჩეჩილაძე და ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ბერლინში შეხვდნენ შს ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა.

ორივე ამ შეხვედრასთან დაკავშირებით 2 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა ”პირადი” შეხვედრები და დაამატა, რომ მათ, ვისაც ქართული ოპოზიციის ლიდერები ცოტა ხნის წინ საზღვარგარეთ შეხვდნენ, რუსეთთან ჰქონდათ კავშირი.  

”ბოლო დღეებში მე მესმის განცხადებები, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მიდის საზღვარგარეთ და ხვდება იქ ადამიანებს, ვინც პირდაპირაა ჩართული რუსეთის ინტერესების გატარებაში. რა თქმა უნდა, ამგვარი შეხვედრები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც პირადი,” – განაცხადა სააკაშვილმა 2 ივლისს.

”მინდა ყველამ გაიგოს, რომ რუსეთის წარმომადგენლები დგანან არა მხოლოდ მუჟავაში [სოფელი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან] და ახალგორში [სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში], არამედ რუსეთის წარმომადგენელს ასევე შეხვდებით ბერლინში და კიევში, ჩვენს მეგობარ უკრაინაში, სადაც მათ [რუსებს] საკმაოდ ძლიერი პოზიცია უკავიათ. იქ წასვლა და მათთვის რაღაცის თხოვნა შენი შიდა საკითხების მოსაგვარებლად და შენი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად იგივეა, რომ გადაკვეთო ოკუპაციის ხაზი და წახვიდე ახალგორში და უთხრა მტერს: ”მოდი და დამეხმარე არეულობის გაღვივებაში, სიტუაციის დესტაბილიზაციაში”… სხვა რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ მათ, ვინც ჩვენი მტრები არიან და ვინც განაცხადა, რომ მათ ჩვენი გადანდგურება უნდათ?” 

”საქართველოს ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც ჩვენი თავადები მიდიოდნენ ოსმალეთში, სპარსეთში და მონღოლებთან და სთხოვდნენ მათ ფულს ან იარაღს, რათა მეფე ჩამოეგდოთ და ქვეყანა დაენაწევრებინათ,” – განაგრძო მან. ”მე ვფიქრობ, რომ ეს არასდროს აღარ განმეორდება. მე ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკური ძალების უმეტესობას ექნება საკმარისი პასუხისმგებლობა, რომ ამის ნაწილი არ გახდნენ. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს მათი ქმედებების შედეგების შესახებ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button