ალასანია ბერლინის შეხვედრას ემიჯნება
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული ბერლინში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ მისი პოლიტიკური პარტნიორი დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეებიდან, ლევან გაჩეჩილაძე და ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე.
”ეს შეხვედრა იყო პირადი შეხვედრა იმ მონაწილეების, ვინც იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ერთმანეთს ვუთანხმებთ ყველა ნაბიჯს რაც ეხება ჩვენ პოლიტიკურ აქტიურობას. აქედან გამომდინარე არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამ შეხვედრას არ ქონია. მე არ ვიყავი ინფორმირებული და საქმის კურსში არ ვიყავი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის პირადი შეხვედრა,”- განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში ორკვირიანი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ დღეს გამართა.
”არანაირი კავშირი ჩვენი ალიანსის და ჩემი, კონკრეტულად პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ აქტიურობასთან ამ შეხვედრას არ აქვს,” განაგრძო მან, ”არ მაქვს ინფორმაცია რა განიხილეს ამ შეხვედრაზე, არ მაქვს ინტერესი ვიცოდე, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ეხება არანაირად ჩვენ პოლიტიკურ აქტიურობას”.
იქვე მან აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრა ვერ იმოქმედებს მის პარტნიორულ ურთიერთობებზე დავით გამყრელიძის პოლიტიკურ პარტიასთან.
”რაც შეეხება ბატონ დავით გამყრელიძეს, ის ჩვენ პარტიაში არ არის და არც იქნება,”- განაცხადა მან, ”ის არის ალიანსის წევრი და ალიანსურ რეჟიმში ვაგრძელებთ ერთობლივ მოღვაწეობას, მაგრამ ჩემი პრიორიტეტული მიმართულება უახლოეს პერიოდში იქნება საკუთარი პარტიის ჩამოყალიბება და გავაგრძელებთ მუშაობას როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში უშუალოდ, კონკრეტულად მოსახლეობასთან”.
მან განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობს ყოფილ შს მინისტრს. როცა ალასანია შევარდნაძის მმართველობის დროს 2002 წლის იანვარში უშიშროების მინისტრის მოადგილე გახდა, კახა თარგამაძე უკვე ორი თვის გადამდგარი იყო თანამდებობიდან.
”მე მას [კახა თარგამაძეს] არ ვიცნობ, მაგრამ, ბუნებრივია, იყო ნაწილი იმ უსაფრთხოების სისტემის, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში არსებობდა და ბუნებრივია, არავის არ აქვს სურვილი ანალოგიური სისტემა შეიქმნას საქართველოში,”- განაცხადა მან, ”თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს არის სამართალდაცვით სტრუქტურებში, არაფრით არ არის უკეთესი, ვიდრე იყო შევარდნაძის დროს. და ეს ძალიან ნათლად ჩანს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ბერლინის შეხვედრას ”გადაჭარბებული” ყურადღება იმის გამო დაუთმო, რათა გადაეფარა სხვა ”დანაშაულებები”, მათ შორის ოპონენტი პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დაჭერები და 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი დემონტრანტების დარბევა, რომლის დროსაც ასევე სასტიკად სცემეს მისი პოლიტიკური გუნდის წევრს ზურაბ აბაშიძეს.
”ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ ფაქტის და ინციდენტის გამოძიებას და მოვითხოვთ ის ადამიანები, რეალურად ვინც ბრძანება გასცა რეპრესიული აქციის განხორციელებისთვის, უნდა იქნენ დასჯილები და წარსდგნენ სასამართლოს წინაშე,”- განაცხადა მან 15 ივნისის დარბევაზე საუბრისას.
კითხვაზე ხომ არ შეხვდა ის აშშ-ში ვიზიტისას შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ამერიკაში, ალასანიამ უარყოფითი პასუხი გასცა.
მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმის ასახსნელად, თუ ”რეპრესიების რა ფორმებს დაადგა ხელისუფლება”. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ინციდენტებისა, მისი პოლიტიკური გუნდი არ გადაუხვევს პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებებით მოგვარების გზას.
”ჩვენ გავაგრძლებთ დიალოგს და შეხვედრებს ხელისუფლებასთან, მაგრამ აქ უკვე ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული შეთავაზებები ყველა მიმართულებით, მათ შორის როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო ქვეყანაში,”- განაცხადა მან, ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის იმიტომ, რომ როდის და რა ფორმითაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ეს სისტემა უნდა იყოს მწყობრში და მზად უნდა იყოს საქართველო ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები”.
მისი თქმით, სააარჩევნო რეფორმის კუთხით აშშ-ის სრული მხარდაჭერა არსებობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)