ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი

საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები 1 ივლისს ჟენევაში მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდს გამართავენ.

მოლაპარაკებები, რომელიც ოფიციალურად მოიხსენიება, როგორც ”საერთაშორისო დისკუსიები უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე”, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს შუამავლობით იმართება.

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა 30 ივნისს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მისიამ შეწყვიტა საქმიანობა საქართველოში, გაერო კვლავ ჩართული რჩება რეგიონში. გენერალურმა მდივანმა სთხოვა თავის სპეციალურ წარმომადგენელს იოჰან ვერბეკეს კვლავ წარმოადგინოს გაერო ჟენევის მოლაპარაკებებზე.    

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ივნისს კიდევ ერთხელ დააყენა თბილისსა და სოხუმს შორის და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის აუცილებლობა.

თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დეოკუპაციას. ბოკერიას თქმით, შეთანხმება ასევე უნდა მოიცავდეს ”საწყის იდეებს” კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button