ახალი ამბები

კარასინი სერგეი შამბას და მურატ ჯიოევს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 24 ივნისს მოსკოვში ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან სერგეი შამბასთან და მურატ ჯიოევთან, შესაბამისად. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს კარასინმა და შამბამ განიხილეს ”ამიერკავკასიაში არსებული რთული სიტუაცია, რაც კიდევ უფრო გააუარესა გაეროს მისიის დახურვამ აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის მიდამოებში”.

”მხარეებმა იმედგაცრუება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ მოხერხდა საერთაშორისო დამკვირვებლების შენარჩუნება რეგიონში. ასევე აღინიშნა, რომ ამგვარ ვითარებაში რუსული სამხედრო და სასაზღვრო კონტინგენტები, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსულ-აფხაზური ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე განთავსდნენ, აფხაზურ ძალებთან ერთად, წარმოადგენენ მთავარ ფაქტორს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

ცალკე განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კარასინმა ჯიოევთან განიხილა ”ახალი სიტუაცია”, რომელიც რეგიონში ეუთოს მისიის დახურვის შემდეგ წარმოიშვა. განცხადების თანახმად, მხარეებმა გამოხატეს იმედგაცრუება დასავლეთის პოზიციასთან დაკავშირებით რეგიონში ეუთოს დამკვირვებლების ყოფნის თაობაზე. მოსკოვის სურვილი იყო, რომ თბილისისგან დამოუკიდებელი მისია ყოფილიყო ცხინვალში, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ორივე შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ჟენევის დისკუსიების მეექვსე რაუნდი, რომელიც 1 ივლისსაა დაგეგმილი. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button