
სააკაშვილი ოპოზიციისთვის დამატებით შეთავაზებებს გეგმავს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს დამატებითი შეთავაზებები გააკეთოს ოპოზიციის მისამართით, მათ შორის პარტიების დაფინანსების კუთხით. მან ასევე ისაუბრა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კახა თარგამაძის ოპოზიციურ ლიდერებთან დასაკონტაქტებლად გამოყენების თაობაზე.
”ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში მზად ვართ, რომ მივცეთ საშუალება სრულად მოახდინონ თავის პოტენციალის რეალიზება, ჩვენ მზად ვართ ყველას მივცეთ საშუალება აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეფორმების პროცესში და მე ამის შესახებ ვაპირებ, რომ კონკრეტული წინადადებები წარმოვადგინო კიდევ დამატებით იმისა, რაც წარმოვადგინე. კონკრეტულად მივცეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ახალი საზოგადოების შენების და ახალი კონსტიტუციური და დაბალანსებული მოდელის შექმნის პროცესში,”- განაცხადა სააკაშვილმა 24 ივნისს ერევანში პრესკონფერენციაზე საუბრისას.
”ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პარტიები იყოს დაფინანსებული, პარტიებს ჰქონდეთ საშუალება მუშაობის და თავის პოლიტიკური საქმიანობის გაშლის,”- აღნიშნა მან.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის დამოუკიდებელი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერის ალიანსი საქართველოდან დავით გამყრელიძის შეხვედრაზე შევარდნაძის მთავრობის ყოფილ შს მინისტრთან კახა თარგამაძესთან და აღნიშნა, რომ ”ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კონტაქტი”.
მისი თქმით, რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ან არჩევნების და ან სხვა ”არადემოკრატიული სცენარის” გზით.
”ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს საქართველოს ერთი ნაწილი არის ოკუპირებული სრულიად უსამართლო და ყველა საერთაშორისო ნორმის დამრღვევი აგრესიის შედეგად და აგრესორი ქვეყნის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ უშუალო ამოცანა არის საქართველოში არსებული მთავრობის შეცვლა და აქ იგულისხმება შეცვლა და მათ განაცხადეს რიგგარეშე არჩევნების გზით ან სხვა ტიპის მოქმედებებით. და რა თქმა უნდა აქ არის დიდი საფრთხე პირდაპირი გარე ჩარევის შედეგად დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებებისა, როცა ხდება ქართველი ერის ნების გვერდის ავლით საქართველოზე მოხვევა სხვადასხვანაირი ძალადობრივი და სხვადასხვანაირი არადემოკრატიული სცენარებისა,”- განაცხადა მან.
”ჩვენ ვიცით, რომ ამისთვის გამოიყენებიან ის ხალხი, ვინც ცხოვრობს რუსეთში და ვინც პირდაპირ კავშირშია და იყო ყოველთვის პირდაპირ კავშირში ამ ქვეყნის სპეციალურ სამსახურთან,”- განაგრძო მან, ”ამიტომ როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კონტაქტი. აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის არსებობა – არ არსებობაზე, საუბარია ჩვენ ქვეყანაში მშვიდობაზე და შემდგომ არეულობაზე და პრობლემებზე, საუბარია სახელმწიფოებრიობა შენარჩუნდება თუ განხორციელდება გეგმა, რომ მთავრობის უკანონო გადაგდებასთან ერთად პრაქტიკულად ჩამოიშალოს ქართული სახელმწიფოებრიობა, როგორც ეს ზოგიერთებს საზღვარგარეთ სურს”.
მისი თქმით, ამ სიტუაციაში ყველა პოლიტიკურ ძალას, როგორი დაპირისპირებულებიც არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან, ”მართებს ერთმანეთს და ქვეყანას მიუდგნენ დიდი პასუხისმგებლობით და იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილები”.
”არავინ არ უნდა დაბრმავდეს სიძულვილით, რომ პრაქტიკულად ყველაზე პირველ რაღაცაზე აღმართოს ხელი,”- განაცხადა სააკაშვილმა.
”ამიტომ ის, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ალბათ ყველაზე უარყოფითი ფიგურა ჩემი გადმოსახედიდან, განსახიერება ყველანაირი სისაძაგლის, კორუფციის სისტემის შემქმნელი საქართველოში, საქართველოს მტრების სამსახურში პირდაპირ მყოფი, ადამიანი, რომელიც რუსეთთან ერთად თვეების განმავლობაში გეგმავდა – და ეს ვიცით ჩვენ, ძალიან სერიოზული ინფორმაციები გვაქვს – საქართველოში შემოჭრას და აძლევდა ამ თემაზე რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს კონსულტაციებს – როცა ეს ადამიანი ახლა გამოიყენება ნებისმიერი ფორმით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან კონტაქტის მიზნით, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ მრავალი თვეა ვიძახით, რომ არსებობს ჩვენი შიდა პოლიტიკა, სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გახსნილები, დემოკრატიულები, მოქნილები და სადაც ყველანი უნდა ერთმანეთს მაქსიმალურად გახსნილად და მშვიდად ვესაუბროთ; და არსებობს ეს ფაქტორი, რომლის გამორიცხვა რამდენადაც არ უნდა თავი ჩავრგოთ სილაში და ვთქვათ, რომ ეს არაფერ შუაში არ არის – შუაში კი არა თავშია, ხშირ შემთხვევაში,”- განაცხადა მან.
This post is also available in: English Русский