ახალი ამბები

ევროკავშირის მისია მის დამკვირვებლებზე ”მიზანმიმართულ თავდასხმაზე” საუბრობს

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 21 ივნისს მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არის ევროკავშირის მონიტორინგის მისიაზე ”მიზანმიმართული თავდასხმა”, განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა 22 ივნისს. 

ერისწყალთან, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, ნაღმის აფეთქების შედეგად ”მედი-კლაბის“ კუთვნილი სამედიცინო მანქანის მძღოლი დაიღუპა. ასევე დაშავდა ამავე სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფი ექიმი. სამედიცინო მანქანა თან ახლდა ევროკავშირის დამკვირვებლების დაჯავშნულ მანქანას, რომელიც ”მცირედით დაზიანდა” აფეთქების შედეგად. 

”ძლიერ შეშფოთებული ვარ, რომ მოცემულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი მოკვლევა მიანიშნებს, რომ ეს ჩვენს საპატრულო ჯგუფზე, მათი ყოვედღიური საქმიანობის მსვლელობისას  განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმა იყო. ეს შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელი  მოვლენაა,” – განაცხადა ჰაბერმა 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. ”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი მისიაა და მას არ გააჩნია აღმასრულებელი ძალაუფლება. მისია პატრულირებას მანდატის შესაბამისად ახორციელებს, რათა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისათვის უსაფრთხო და სტაბილური გარემო შექმნას. ჩვენ უფლებამოსილნი ვართ შეუფერხებლად განვახორციელოთ ჩვენი კანონიერი საქმიანობა”.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოხდება ამ ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებელ პირთა დააკავება და დასჯა. ”მანამდე, მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიჩინოს თავშეკავება და პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების [ჟენევის მოლაპარაკებებზე] შეთანხმებული მექანიზმი,” – დასძინა ჰაბერმა.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ეუთოს და ევროკავშირის ხელშეწყობით უკვე ორი შეხვედრა გაიმართა ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო მეთაურების მონაწილეობით. მესამე შეხვედრა 23 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა ცხინვალმა მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მსგავსი მექანიზი აფხაზეთთან მიმართებაში ჯერ არ შექმნილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button