skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მოსალოდნელ რეზოლუციაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ”ინტენსიურ კონსულტაციებს” ატარებს დასავლელ პარტნიორებთან, რათა არ იქნას დაშვებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ისეთი რეზოლუციის მიღება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციას 15 ივნისს მიიღებს- სწორედ ამ დღეს ეწურება ოთხთვიანი მანდატი გაეროს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ასევე ზემო კოდორის ხეობაში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.

”რუსეთის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ ვეტოს უფლება, ითხოვენ გაეროს მისიის შენარჩუნების ფასად,  გარკვეულ კომპრომისებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რეზოლუციაში ადეკვატურად ასახვასთან დაკავშირებით,” – განაცხადა სააკაშვილმა საქართველოს უშიშროების საბჭოს სატელევიზიო სხდომაზე 11 ივნისს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული გაეროს მისია და მისი მანდატი  ”არაეფექტურია”, საქართველო მაინც მხარს უჭერს მის გაგრძელებას.

”მაგრამ თუ ამის ფასად საერთაშორისო თანამეგობრობას და ამაზე ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რუსეთის მხარე უყენებს აუცილებელ პირობად კომპრომისების გაკეთებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ე.ი. გარკვეულწილად ნეიტრალიზაციას ტერიტორიული მთლიანობის დამცავი მექანიზმების და რაღაც საფუძვლის შექმნას რუსეთის სრულიად უკანონო ოკუპაციის საქართველო განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთის ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილი გაეროს მისიის შენარჩუნების, ვერ დავუშვებთ კომპრომისებს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”ან უნდა იყოს რეზოლუცია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად ასახავს იმას, რომ ყველა კვადრატული მეტრი აფხაზეთის არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, დაადასტურებს სრულ პატივისცემას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და საქართველოს სახელმწიფო უფლებების ამ ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნების და რეინტეგრაციის ჩვენი ქვეყნის ან ტექნიკური გაგრძელება მისიის, რომელიც დაადასტურებს ყველა წინა რეზოლუციას, რომელიც მთლიანობაში ასახავს ზუსტად ამ რეალობას იმ ტერიტორიის მიმართ, რომელიც არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მთლიანი,”- განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ავლენს ”სრულ მოუქნელობას” ახალი რეზოლუციის მიმართ.

”[რუსეთი] პრაქტიკულად არაფერს არ თანხმდება იმ იმედით, რომ ჩვენ დავექვემდებარებით შანტაჟს და ჩვენ ავყვებით პროვოკაციას. რა პროვოკაციაც არ უნდა მოხდეს, რა შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს და რა ზეწოლაც, საქართველოს მთავრობა არც შარშან აგვისტოში და არც ახლა ამ პირობებში, როცა ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე გვქონდა შარშან, ჩვენ არანაირ კომპრომისებს არ დავუშვებთ. ამაზე არავის არანაირი ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს არასდროს არ ჰქონია ისეთი მხარდაჭერა გაეროში, როგორიც აქვს ახლა. ”მინიმუმ ერთი ლიდერი მაინც უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების პირდაპირ მონაწილეობს ამ რეზოლუციის მომზადებაში, პრაქტიკულად ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას,”- განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე გაიმეორა გაეროში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ლომაიას პოზიცია და განაცხადა: ”ჩვენ ვიყავით ძალიან უკმაყოფილო გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებით, რომელიც პრაქტიკულად დაექვემდებარა რუსეთის შანტაჟს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button