ახალი ამბები

ზუგდიდში სამი აფეთქება მოხდა – შსს

ღამით ზუგდიდში სამი აფეთქება მოხდა – ორი რკინიგზის მიდამოებში, ხოლო მესამე ქალაქის პოლიციის ქვეგანყოფილებასთან. მსხვერპლი არ არის.

შსს-ს ცნობით,  პირველად 10 ივნისს 23:55 საათზე ზუგდიდის რკინიგზის სადგურზე აფეთქდა გაჩერებული სატვირთო ვაგონი, რა დროსაც ”სხეულის მძიმე დაზიანებები” მიიღო მატარებლის ელექტრიკოსმა შალვა ოქრომჭედლიშვილმა, რომელიც მოთავსებულია ზუგდიდის საავადმყოფოში.

ასევე 11 ივნისს 00:25 საათზე აფეთქებულ იქნა რკინიგზის სადგურზე მდებარე  სანაგვე ურნა, 02:50 საათზე კი აფეთქდა ზუგდიდის რაიონული შს სამმართველოს პოლიციის ქვეგანყოფილების წინ მდგარი სატვირთო ავტომანქანა. გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.

”აღნიშნული აფეთქებები განხორციელებულია მათ მიერ ვისაც არ სურს, რომ აღნიშნულ რეგიონში  იყოს მშვიდობა და სტაბილურობა,”- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ზუგდიდში გუშინ ღამით იმყოფებოდა რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ეზუგბაია. მისი თქმით, აფეთქებები რკინიგზის მუშაობის გრაფიკზე გავლენას არ მოახდენს.

”მიმდინარეობს დაზიანების გაწმენდა და ამის შემდეგ ჩვეულებრივი გრაფიკით აღვადგენთ მოძრაობას,”- განაცხადა ეზუგბაიამ.

ეს რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა სამეგრელოს რეგიონში. 2 ივნისს ასაფეთქებელი ნივთიერება ზუგდიდი-ხობის სარკინიგზო მონაკვეთზე ამოქმედდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button