
ლაკობას თქმით, გაეროს გენმდივნის მოხსენების არსი უცვლელი დარჩა
სეპარატისტული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა აცხადებს, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების სათაურის შეცვლა არ ნიშნავს რომ მისი არსი შეიცვალა, რადგან ის ეყრდნობა რეზოლუციებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
დოკუმენტის სათაურია ”გენერალური მდივნის მოხსენება უშიშროების საბჭოსადმი 1808 (2008), 1839 (2008) და 1866 (2009) რეზოლუციების შესაბამისად”. მასში გამოტოვებულია ტრადიციული ფრაზა – ”აფხაზეთი, საქართველო”, რომელიც წინა მოხსენებებში იყო გამოყენებული, რამაც თავიდან ააცილა სეპარატისტული რეგიონის სტატუსის მითითება.
გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წინა რეზოლუცია – 2009 წლის თებერვალში მიღებული რეზოლუცია#1866 და 2008 წლის ოქტომბერში მიღებული რეზოლუცია#1839 – არ ახსენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ორივე მათგანში მითითებაა გაკეთებული 2008 წლის აპრილში მიღებულ #1808 რეზოლუციაზე, სადაც ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭო ”ადასტურებს ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.”
”თუ ამ რეზოლუციების მოხსენიება დარჩება, მაშინ აფხაზეთი სამართლებრივ ჭრილში კიდევ 15-10 წელი იქნება საქართველოს შემადგენლობაში, არ აქვს მნიშვნელობა როგორი შეფუთვით იქნება ეს მიწოდებული,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ლაკობას სიტყვებზე დაყრდნობით, ”ამ შემთხვევაში ჩვენ უკეთესია უარი ვთქვათ გაეროს მისიაზე. ჩვენ არ შეგვიძლია მას დავთანხმდეთ ნებისმიერ ფასად, რაზეც არაერთხელ აცხადებდა აფხაზეთის ხელმძღვანელობა”.
”არც რუსეთის ფედერაციისთვის არის ხელსაყრელი აფხაზეთის აღიარების შემდეგ დაუჭიროს მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც ასე თუ ისე აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,”- განაცხადა ლაკობამ.
მისი თქმით, რაც არ უნდა დაერქვას მისიას იქნება ეს უბრალოდ ”გაეროს მისია” თუ სხვა და კვალავაც დარჩება წინამორბედი რეზოლუციები მოხსენებული, მაშინ აზრი არ ექნება აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ მისიის გაგრძელებას.
”სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორადაც არ უნდა იწოდებოდეს ის, ეს მაინც დარჩება მისია საქართველოში, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს სახელწოდებაში. ჩვენ არ შეგვიძლია ამას დავთანხმდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემა დავუტოვოთ კიდევ ათწლეულები, რადგან არავინ იცის რა მოხდება, როცა სიტუაცია შეიცვლება და ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ ჩვენ არ ვიყავით ამ დოკუმენტების წინააღმდეგნიო,”- აღნიშნა ლაკობამ.
მისი თქმით, სოხუმი დიდი ყურადღებით ელის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომლითაც უნდა გაგრძელდეს გაეროს მისიის მანდატი საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)