ახალი ამბები

ბურჯანაძე: ზოგიერთები დასავლეთში სააკაშვილის მახეში გაებნენ

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე წერს სტატიაში ”ეროვნული ინტერესები” (რომელიც ნიქსონის ცენტრმა გამოაქვეყნა), რომ  ”ზოგიერთ ჩვენ დასავლელ პარტნიორს არ ესმის, რომ სააკაშვილი საბჭოთა-ტიპის რეჟიმს აშენებს… რითიც ძირს უთხრის სწორედ იმ დასავლურ ღირებულებებს, რომელთა დაცვისკენაც იგი ჩვეულებისამებრ მოუწოდებს.”

სტატიაში ბურჯანაძე ასევე წერს, რომ ქართულ ოპოზიციას ხშირად გაუგია ”ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან საზღვარგარეთ, რომ ჩვენ რადიკალურები გავხდით და ამით საფრთხეს ვუქმნით სტაბილურობას და ქვეყნის მომავალსაც კი”.

”მაგრამ ჩვენი ”რადიკალიზმი”, თუ ეს სწორი სიტყვაა, გამიზნულია ქვეყანაში არსებული არასტაბილურობის დასასრულებლად, და არა მის გასამწვავებლად,” – აცხადებს იგი.

სტატიაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი ოპონენტები როგორც ”სახიფათო რადიკალები” ან ”არაპატრიოტულები” საქართველოს საწინააღმდეგო რუსული პოლიტიკის ფონზე.

”ბევრი რიგითი ქართველი და უფრო მეტი ადამიანი საზღვარგარეთ მისი [სააკაშვილის] არგუმენტის ნაწილს მაინც ეთანხმება იმის შიშით, რომ თუ ისინი არ უჭერენ მას მხარს, ისინი არ უჭერენ მხარს საქართველოს,” – აცხადებს ბურჯანაძე. ”ეს მცდარი არჩევანია და სააკაშვილმა იცის ეს. ბევრი ხალხი, მათ შორის რამოდენიმე საერთაშორისო დონეზე პატივცემული ინსტიტუტები, როგორიცაა Jamestown Foundation  და the Economist, გაებნენ მის მახეში.”

ბურჯანაძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა Economist-ის ერთ-ერთ ბოლო სტატიას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სათაურით ”ოპოზიციამ თავი ჩიხში მოიქცია”, რომელშიც ავტორი წერს, რომ საქართველოს ”იმპულსური პრეზიდენტი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ამით იგებს”. სტატიაში ბურჯანაძე შეფასებულია, როგორც ”ოპოზიციის რადიკალური ფრთის” ლიდერი და ”ქვეყნის ყველაზე ნაკლებად პოპულარული პოლიტიკოსი”. სტატიაში ბურჯანაძეზე ასევე ნათქვამია, რომ ის ”რიგით ქართველებში საბჭოთა დროინდელ ნომენკლატურასთან ასოცირდება”.

ვაშინგტონში მდებარე Jamestown Foundation-ი ხშირად აქვეყნებს სტატიებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თავის გამოცემაში Eurasia Daily Monitor. ეს სტატიები, რომელთა ავტორიც Jamestown Foundation-ის წევრი ვლადიმერ სოკორია, ძირითადად კრიტიკულადაა განწყობილი ოპოზიციის მიმართ.

ბურჯანაძე თავის სტატიაში წერს, რომ სააკაშვილი ზღუდავს მედიის თავისუფლებას და ”ისეთ არჩევნებს ატარებს, რომელიც მხოლოდ დიქტატორს მოეწონება”. 

”ამ მიზეზების გამო, ქართული ოპოზიცია, ბევრის თვალში ”რადიკალური”, ითხოვს სააკაშვილის გადადგომას, რადგანაც მან დაარღვია თავისი ფიცი და თავისი ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე,” – აღნიშნავს ბურჯანაძე სტატიაში.

იგი აცხადებს, რომ ახალი რევოლუცია იქნება ”სახიფათო და პოტენციურად კატასტროფული” საქართველოსთვის და ოპოზიციის მიზნებს შორის ასახელებს: სამოქალაქო არეულობების სიტუაციიდან საქართველოს გამოყვანას  და ”ქვეყანაში ავტორიტარიზმის” დასრულებას, ასევე დმოკრატიის დამყარებას იმ ინსტიტუტების და ღირებულებების შექმნის გზით, რაც ”საშუალებას მოგცემს ლიდერები ანგარიშვალდებულნი გავხადოთ”.

”ქართული ოპოზიცია არ იბრძვის სააკაშვილის წინააღმდეგ; ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ქვეყნის ბედზე და ჩვენ ცხოვრებაზე კონტროლის დამყარებისთვის,” – წერს ბურჯანაძე.     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button