ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი გადადგა

რაულ ხაჯიმბამ, სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტმა 28 მაისს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

”მე მივდივარ თანამდებობიდან. არ გამოვრიცხავ, რომ გადადგომის შემდეგ მომიწევს პოლიტიკით დავკავდე,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომლის თქმით, ”ხელისუფლების ღრმა კრიზისია” აფხაზეთში.

ხაჯიმბა, რომელიც მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა, მოქმედი პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მთავარი კონკურენტი იყო 2004 წლის დეკემბრის კრიზისულ არჩევნებზე, რომელიც მაშინდელ ორ კანდიდატს შორის მოსკოვის შუამავლობით ძალაუფლების გაყოფით დასრულდა.

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები წელს დეკემბერშია დანიშნული. სერგეი ბაღაფშმა უკვე გამოთქვა სურვილი მეორე ვადით იყაროს კენჭი ამ პოსტზე. რაულ ხაჯიმბამ კი საპრეზიდენტო გეგმებზე საუბრისაგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

”ინტერფაქსის” ცნობით, ხაჯიმბამ გადადგომის მიზეზებად მოქმედ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობა და ოპოზიციურ ძალებთან მათი დამოკიდებულება დაასახელა.

20 მაისს აფხაზეთის ექვსმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ერობლივ განცხადებაში მკაცრად გააკრიტიკა ბაღაფშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც მათი განცხადებით, შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის და საზოგადოებაში ანტირუსული განწყობების მაპროვოცირებელია.

”ჩვენ თანმიმდევრულად გამოვდივართ რუსეთის ფედერაციასთან – აფხაზეთის ერთადერთ ნამდვილ მოკავშირესთან  – გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მხარდასაჭერად,”- განაცხადეს აფხაზმა ოპოზიციონერებმა, ”მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით აფხაზეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას”.

ამ განცხადებას ლეიტმოტივად გასდევდა პრეტენზიები იმ შეთანხმებების არაგამჭირვალობის მიმართ, რომელიც ბოლო დროს გაფორმდა რუსეთთან, მათ შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ; ასევე აეროპორტთან და რკინიგზასთან დაკავშირებული გარიგებები.

სეპარატისტული აფხაზეთის პრო-სახელისუფლებო პარტიებმა ოპოზიციის ეს განცხადებები შეაფასეს, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც ”დარტყმის ქვეშ აყენებს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button