ახალი ამბები

ეროვნული ბანკი სავალუტო ბირჟის ვაჭრობებში აღარ ჩაერევა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება აღარ ჩაერიოს თბილისის სავალუტო ბირჟის ვაჭრობებში და სავალუტო ინტერვენციები განახორციელოს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით.

”აღნიშნულიდან გამომდინარე ლარის გაცვლითი კურსი დადგინდება არა სავალუტო ბირჟაზე  დადებული გარიგებების მიხედვით, არამედ სავალუტო აუქციონზე დაფიქსირებული გარიგების საშუალო შეწონილი მაჩვენებლით,”- განაცხადა ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ნებისმიერის სახის საჭირო ინტერვენციას ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

”ეს არავითარ შემთხვევაში არ გახლავთ ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ცვლილება,”- განმარტა მან.

მარტის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო მიესალმა  საქართველოს ხელისუფლების გეგმებს უცხოური ვალუტის გაცვლის აუქციონების შემოღების თაობაზე ”რაც თავის მხრივ ეროვნული ვალუტის მოქნილობის და გარეშე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას, ხოლო შემდგომ კი გაზარდოს ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვი.” ასევე მარტში სსფ-მ აღნიშნა, რომ ”რეალური გაცვლითი კურსი გადაფასებული” იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button