
სააკაშვილი ყოფილ კონკურენტს აკრიტიკებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 მაისს ზუგდიდში სტუმრობისას გააკრიტიკა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მისი გამონათქვამების გამო და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მის მთავარ კონკურენტს ”წარუმატებელი” უწოდა.
21 მაისს ზუგდიდში ოპოზიციის მიტინგის გამართვის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო იქ არსებული საპროტესტო მუხტით, რაც მისი თქმით, ”ახალაიების” მხრიდან მოსახლეობის დაშინებას უკავშირდება. ”სამეგრელოში უნდა დაბრუნდეს ის ვაჟკაცობა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს ბედის გადამწყვეტი. სანამ ეს ვაჟკაცობა არ დაბრუნდება, საქართველოს ისტორია ქართულად და თუ გნებავთ მეგრულად, არ გადაწყდება,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ.
”სამეგრელოზე თქმა, რომ აქ ხალხს აკლია ვაჟკაცობა არის სასაცილო და ამორალური ბევრი ფაქტორის გამო,”- განაცხადა სააკაშვილმა სხვადასხვა პროფესიის ადგილობრივ ზუგდიდელებთან შეხვედრაზე, ”გამბედაობაზე და სიმამაცეზე აქაურობას ნურავინ ნუ დაელაპარაკება და ნურავინ ზემოდან ქვემოთ ნუ შეხედავს. ასეთი ნიჭიერი, ასეთი გონიერი, ასეთი გამბედავი და პატრიოტი ხალხი არა მხოლოდ კავკასიაში სხვა არ არსებობს და ეს ვიცი ზუსტად, არამედ არ არსებობს ნამდვილად მსოფლიოში”.
”არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს შენი ყველაზე საუკეთესო ხალხის ესე ტალახში ამოსვრა,”- განაგრძო მან, ”რა პოლიტიკური მოტივებიც არ უნდა გამოძრავებდეს, რა მიზნებიც არ უნდა გამოძრავებდეს არ შეიძლება გაბოროტდე საკუთარ თანამოქალაქეზე იმის გამო, რომ შენ თვითონ ხარ წარუმატებელი. უნდა დაფიქრდე იმაზე რატომ ხარ წარუმატებელი და შემდეგ ჯერზე უფრო მეტი იმუშაო, უფრო მეტი იშრომო და არა სარკეში იყურებოდე და სარკე დალეწო იმის გამო, რომ კარგად არ გამოიყურები”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)