skip to content
ახალი ამბები

კობა ოთანაძის ძმის ოჯახი გაათავისუფლეს

მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილის კობა ოთანაძის ძმის ოჯახის სამივე წევრი გუშინ გვიან ღამით ბრალის წაყენების გარეშე პოლიციის სპეცოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს, განუცხადა  Civil.ge-ს ადვოკატმა ონისე მებონიამ.

გუშინ გვიან ღამით პოლიციამ გლდანში განახორციელა ოპერაცია, რომლის შედეგადაც ძებნილი გია კრიალაშვილი ლიკვიდირებული იქნა, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ. დაჭრილები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არიან იზოლირებულები. საავადმყოფოს ღამით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაია სტუმრობდა.

მებონიას განცხადებით, ოთანაძე ამჟამად ნარკოზიდან გამოსვლის სტადიაში იმყოფება და იმის გამო, რომ ჯერ კონტაქტური არ არის, მასთან გასაუბრება ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჩატარებულ ოპერაციაზე ჯერ არ გაუკეთებია.

მებონიას განცხადებით, ოთანაძის ძმა ჯიმშერ ოთანაძე, მისი მეუღლე და 18 წლის შვილი, რომლებიც 20 მაისს გამთენიისას სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს, პოლიციას მოდულის შენობაში ჰყავდა. მისი თქმით, ოჯახზე მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ისინი ნაცემები არ არიან. 

მათი დაკავებიდან გათავისუფლებამდე ოფიციალურად მათ ადგილსამყოფელსა და დაკავების მიზეზებზე ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მცდელობის მიუხედავად.

ადვოკატის განცხადებით, ოჯახი საერთაშორისო თანამეგობრობისა და სახალხო დამცველის ”ძალიან აქტიური ჩარევით” გაათავისუფლეს.

”გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ პოლიცია მიხვდა, რომ მათი დაკავება არაფერში აღარ სჭირდებოდა და ისინი გაათავისუფლა,”- განაცხადა მებონიამ და აქვე დასძინა, რომ მისთვის ამ ეტაპზე უცნობია არსებობს თუ არა ამ სამი ადამიანის დაკავების და გათავისუფლების ოფიციალური ოქმები.

კობა ოთანაძის კიდევ ერთი ძმა ნუგზარ ოთანაძე, რომელიც პოლიციამ 12 მაისს დააკავა, 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button