ახალი ამბები

ამბოხების მოწყობაში ერთი ეჭვმიტანილი მოკლეს, ორი დაჭრილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ღამით მომხდარი ოპერაციის შედეგად დაიღუპა მუხროვანის ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიჭრნენ.

მოკლე განცხადებაში შსს ამბობს: ”ძებნილებმა პოლიციას გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, ორმხრივი სროლის შედეგად  გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე, რომლებიც დაკავებულები და მოთავსებულები არიან საავადმოფოში”. 

სამივე მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ამბოხების ორგანიზებაში სდებდა ბრალს. კობა ოთანაძე მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა.

ექიმების განცხადებით, ოთანაძის და ამირიძის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პირველი დაუდასტურებელი ინფორმაცია გლდანში მომხდარი სროლების შესახებ შუაღამის შემდეგ გაჩნდა, თუმცა დეტალები კვლავ ბუნდოვანია. 

სამივე მათგანი მუხროვანის ინციდენტის შემდეგ პოლიციის მიერ 16 დღის განმავლობაში იძებნებოდა მას შემდეგ, რაც მათ ალყაშემორტყმული მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან მოახერხეს გაპარვა, ოფიციალური განცხადებების თანახმად.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 50 000 ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის თანხა 200 000 ლარამდე გაიზარდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button