ახალი ამბები

მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილის ძმის ოჯახი გაუჩინარდა

20 მაისს გამთენიისას მუხროვანის ინციდენტის გამო ძებნილი კობა ოთანაძის ძმის ოჯახის სამი წევრი შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმმა თავიანთ საცხოვრებელ სახლში აიყვანა, თუმცა მათი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, განუცხადა Civil.ge-ს ადვოკატმა ონისე მებონიამ.

მისი თქმით, შსს-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯიმშერ ოთანაძის, მისი მეუღლის გულო ზარიძისა და შვილის გიორგი ოთანაძის ადგილსამყოფელი მათთვის უცნობია. ოფიციალურად, აცხადებს მებონია, ეს ადამიანები არ არიან მოთავსებული არცერთ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ”თუმცა როგორც ჩანს, რომ ისინი ჰყავთ მოდულის შენობაში, სადაც მიმდინარეობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა”.

იმავდროულად, სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც მოუწოდებს შსს-ს შეატყობინოს დაკავებულთა ადგილსამყოფელი, ”რათა კანონის შესაბამისად მისი რწმუნებულები შეხვდნენ მათ”. 

”სახალხო დამცველის აპარატი დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ოთანაძეების თავისუფლების აღკვეთის ადგილი მათთვის არ უცნობებიათ,”- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გაუჩინარებული ოჯახის ნათესავი, ყოფილი სამხედრო კობა ოთანაძე შსს-ის მიერ კიდევ ორი პირთან ერთად მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით იძებნება და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 200 ათასი ლარის ოდენობით ჯილდოა დაწესებული. მუხროვანის ”ამბოხი”,  რომელიც ხელისუფლების თქმით, რუსეთთან კავშირში იყო და ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას ისახავდა მიზნად, ჩაიშალა.

12 მაისს დააკავეს ოთანაძის კიდევ ერთი ძმა ნუგზარ ოთანაძე, რომელიც სახალხო დამცველის ცნობით, სასტიკადაა ნაწამები.

ადვოკატ მებონიას განცხადებით, რომელიც ასევე იცავს ნუგზარ ოთანაძის ინტერესებს, მას ოფიციალურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალი აქვს წაყენებული და 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

”ეს ბრალი არის აბსოლუტურად გამოგონილი,”- განუცხადა მებონიამ Civil.ge-ს, ” ”მისი ფიზიკური იზოლაცია საჭიროდ მიიჩნიეს მხოლოდ იმის გამო, რომ არის სასტიკად ნაცემი და ნაწამები”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button