skip to content
ახალი ამბები

აშშ იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ ჟენევის შეხვედრის დატოვების გამო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის წუხს იმის გამო, რომ რუსეთმა დატოვა ჟენევის მოლაპარაკებები 18 მაისს შეხვედრის პირველივე ეტაპზე.

”აშშ ასევე წუხილს გამოთქვამს აფხაზეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბოიკოტი გამოუცხადოს მოლაპარაკებებს დაწყებისთანავე,” – ნათქვამია განცხადებაში. ”აშშ იმედგაცრუებულია ამგვარი საქციელის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ასევე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1866-ე რეზოლუციის სულისკვეთებას, რომლებიც მოუწოდებენ მოლაპარაკებებისკენ საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის დელეგაცია და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები დაესწრებიან მოლაპარაკებებს, რომელიც 19 მაისს გაიმართება”. 

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსული დელეგაციის მიერ მოლაპარაკებების დატოვების შემდეგ გამოქვეყნდა, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს: ”თანათავმჯდომარეები მუშაობენ, რათა განახლდეს მოლაპარაკებები ხვალ დილიდან, 19 მაისიდან, როგორც დაგეგმილი იყო და მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს დაესწროს”.

”თანათავმჯდომარეები ძლიერ წუხილს გამოთქვამენ რუსეთის წარმომადგენლების მიერ ჟენევის განხილვების მეხუთე რაუნდის დატოვების გამო მას შემდეგ, რაც აფხაზეთის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს არ დასწრებოდნენ შეხვედრას და მას შემდეგ, რაც განხილვები სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმაც დატოვეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო თანამეგობრობის ”შანტაჟირების” მცდელობაში. მან განუცხადა AFP-ს: ”ეს სამარცხვინო ნაბიჯი არის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცლის შეწყვეტის შეთანხმებების და გაეროს ბოლო რეზოლუციის კიდევ ერთი დარღვევა”.

This post is also available in: English Русский

Back to top button