skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობამ საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე იმსჯელა

საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შექმნის თაობაზე კონსულტაციები გამართეს დღეს  საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის მზადაა ამ საკითხზე კონსულტაციებში მომავალი კვირიდან ჩაერთოს.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ქრისტიან-დემოკრატების, პარტიის ჩვენ თვითონ და ეროვნული დემოკრატიული პარტიის (ედპ) წარმომადგენლები.

”აქ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, უკლებლივ ყველა, ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ საქართველოს სახელმწიფო მოწყობა უნდა დაუკავშირდეს ევროპული საპარლამენტო მართვის მოდელის ქართულ ნიადაგზე გადმოტანას,” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, ”ჩვენ ვიწყებთ მუშაობას  საქართველოს ახალ კონსტიტუციაზე არა იმიტომ, რომ სააკაშვილი არ მოგვწონს ან რომელიმე პიროვნება არამედ იმიტომ, რომ არ მოგვწონს ძველი კონსტიტუცია”.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის პოტენციურ კანდიდატურაზე, რომელიც უმცირესობის საერთო პოზიციით, უნდა იყოს არა ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორც ამას ხელისუფლების შეთავაზება ითვალისწინებდა, არამედ ”მაღალი საზოგადოებრივი ნდობის, პროფესიონალიზმის, გამოცდილების მქონე” ადამიანი.

ჯერ-ჯერობით საპარლამენტო უმცირესობას შესაძლო კანდიდატურის ვინაობა არ გაუმხელია.

იმავდროულად, ედპ-ის ლიდერმა ბაქუკი ქარდავამ განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციაზე მუშაობა არ უნდა გაგრძელდეს უვადოდ, არამედ გაიწეროს დროში და დასრულდეს არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ყველა ამ საკითხზე ისინი ეცდებიან კონსულტაციები გამართონ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button