skip to content
ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი ეწინააღმდეგება მიდგომას ”ყველაფერი ან არაფერი”

დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ მიდგომა ”ყველაფერი ან არაფერი” ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან ვერ დაეხმარება კრიზისის მოგვარებას.

”მიდგომა ყველაფერი ან არაფერი არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის დამახასიათებელი მიდგომა,” – განაცხადა მან რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში 14 მაისს. ”9 აპრილს მიშა წავა ან არაფრის გაგონება არ შემიძლია, ეს არ არის პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალის პოზიცია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ის არაადექვატურობა, რაც გამოვლინდა შეხვედრის დროს [11 მაისს] უნდა დაიძლიოს. ჩვენ უნდა მივეხმაროთ ხელისუფლებას, რომ გახდეს უფრო ადექვატური… როცა მიხეილ სააკაშვილი უარყოფს პოლიტიკური კრიზისის არსებობას, ეს არის დესტრუქციული გზა, ეს არ არის დიალოგის გზა, ეს არ არის მოლაპარაკებების გზა”.

”ყველაფერი ან არაფერი მიდგომა – გნებავთ ხელისუფლების, გნებავთ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან – ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ხელისუფლება გვყავს უპასუხისმგებლო და გვინდა ის ვაიძულოთ გახდეს პასუხისმგებლიანი,” – განაცხადა მან.  

”ყველაფერი ან არაფერი არ არის ჩვენი გზა; ეს არის ხელისუფლების გზა; თუ ისინი ფიქრობენ, რომ მათ ყველაფერი აქვთ, საბოლოოდ მათ არაფერი არ დარჩებათ,” – დასძინა ბერძენიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მზადდება ”საპასუხო დოკუმენტი” ხელისუფლების წინადადებებზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმოვანა.

”ვიმედოვნებ, რომ ამ დოკუმენტს გაიზიარებენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები,” – განაცხადა მან.

ბერძენიშვილის თქმით, დოკუმენტში შევა კონკრეტული წინადადებებით და კონკრეტული ვადებით.

”თუ გვეტყვის [სააკაშვილი] ”მოდით ვილაპარაკოთ საარჩევნო სისტემაზე” – ჩვენ ვეტყვით, რომ ამ პრობლემის ერთ-ერთი სათავე არის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმზღვანელი; მისი გაშვება და წესიერი კაცის დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით არის რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის საქმე. არის პრობლემა შინაგან საქმეთა სამინსტროში? აქაც თეორიულად ეს არის რამდენიმე საათის ან დღის საქმე; მოკლედ, რაც პერსონალიებს ეხება, ეს შეიძლება გადაწყდეს 26 მაისამდე. რაც ეხება სისტემურ ცვლილებებს – ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს  – ჩვენ მზად ვართ ამ საკითხების განხილვისთვის,” – განაცხადა მან.

სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების მსგავსად მანაც აღიარა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს უთანხმოება ტაქტიკაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება, ”მარტივი უმრავლესობა” არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად აქციების ორგანიზატორ პარტიებს შორის. ბერძენიშვილის თქმით, ალიანსი საქართველოსთვის გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოდგენილია სამი ხნით, რადგანაც ალიანსი სამ სუბიექტს აერთიანებს – ირაკლი ალასანიას გუნდს, რესპუბლიკელებს და ახალ მემარჯვენეებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button