skip to content
ახალი ამბები

HRW: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კომპრომისი შეუძლებელია

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა მოუწოდა ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში ნუ იტყვის უარს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებაზე.

11 მაისს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სხვა წინადადებებთან ერთად, მან ასევე შესთავაზა ოპოზიციას მორატორიუმი ”საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გადამეტებული პოლიტიკური ემოციების ნიადაგზე მომხდარი სამართალდარღვევის შემდგომ ძიებასა და სამართლებრივ დევნაზე”.  

”მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კომპრომისი შეუძლებელია,” – განაცხადა სამხრეთ კავკასიის მკვლევარმა ორგანიზაციაში გიორგი გოგიამ 11 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”ხელისუფლებას შეუძლია იმაზე გააკეთოს არჩევანი, რომ არ დევნოს მომიტინგეები, თუ მათ დანაშაული ჩაიდინეს. მაგრამ მან არ უნდა თქვას უარი ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებზე. არსებობს განცხადებები ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების თაობაზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ისინი”.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აპრილში ოპოზიციის აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე თავდამსხმების ათობით შემთხვევის შესახებ იტყობინებოდნენ.

Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ მას დოკუმენტებით აქვს გამყარებული აქციების მონაწილეებზე თავდასხმების შემთხვევები, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ”როგორც ჩანს, თავდასხმები იყო შეთანხმებული მცდელობა დემონსტრანტების დასაშინებლად და იმის აღსაკვეთად, რომ მათ ვერ გამოეყებინათ შეკრების თავისუფლების უფლება”.

ასევე ადგილი ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევას, როდესაც პოლიციამ გამოიძია ოპოზიციის მხარდამჭერი რამოდენიმე აქტივისტის ქმედებები. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 26 აპრილს შუაღამისას, როდესაც ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას ოპოზიციის მხარდამჭერი ”სახალხო პატრულის” აქტივისტების მონაწილეობით. ეს ორგანიზაცია დემონსტრაციის ადგილებში სიტუაციის გაკონტროლების მიზნით შეიქმნა, რომლის მიზანიც, მისი დამფუძნებლების თქმით, ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების აღკვეთაა. კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც 6 მაისს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, ეხება სამ ახალგაზრდა აქტივისტს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე აქტივისტი გაათავისუფლეს, საქმე ოფიციალურად დახურული არ არის.

7 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში Human Rights Watch-მა მოუწოდა მათ დემონსტრანტებზე განხორციელებული თავდასხმების სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ.

”სულ ცოტა ორ შემთხვევაში, რომლის შესახებაც Human Rights Watch-ს გააჩნია დოკუმენტები, საპატრულო პოლიცია გამოჩნდა თავდასხმის ადგილის სიახლოვეს და შეეძლო ჩარევა, თუმცა ეს არ გააკეთა,” – ნათქვამია წერილში.

”Human Rights Watch-ის მიერ შესწავლილ უმეტეს შემთხვევებში, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაზარალებულებს ჩვენებები ჩამოართვეს, თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, არაფერი მოუმოქმედებიათ. ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებულს შეეძლო თავდამსხმელის ამოცნობა ან იმ მანქანის ნომრების დასახელება, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ, თუმცა პოლიციამ არ დააპატიმრა თავდამსხმელი და არც რაიმე სხვა საგამოძიებო ნაბიჯები გადადგა”. 

”ანგარიშვალდებულება ამ თავდასხმებზე აუცილებელია მართლმსაჯულების მიმართ ხელისუფლების ერთგულების დემონსტრირებისთვის და შეკრების თავისუფლებაზე თავდასხმების რაიმე მცდელობების აღსაკვეთად. დამნაშავეთა მოძებნა და გასამართლება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ხელისუფლება არ თანაუგრძნობს და არ ემხრობა ამგვარ ძალადობას,” – ნათქვამია Human Rights Watch-ის წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button