skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე ეჭვობს, რომ სააკაშვილი მოლაპარაკებებზე დათანხმდება

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი არ ელის პოზიტიურ შედეგებს პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრიდან, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ”დროულად უნდა იქნას” მიღებული.

ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯომარესთან შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტთან მოლაპარაკებების ორგანიზების მიზნით, ბურჯანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს: ”თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეხვედრა [პრეზიდენტთან] შედგება? მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ  პრეზიდენტმა გადადგას ასეთი გამბედავი ნაბიჯი და შეხვდეს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ იმ არგუმენტებს, რომელიც შეიძლება პრეზიდენტმა ოპოზიციის არგუმენტებს დაუპირისპიროს”.

მან ასევე განაცხადა, რომ შეხვედრისათვის ოპოზიცია ”არანაირ წინაპირობებს” არ აყენებს და ”არც ხელისუფლებისაგან არანაირ წინაპირობებს ნამდვილად არ მივიღებთ”.  მან ასევე განაცხადა, რომ 9 მაისის ფართომასშტაბიანი აქცია ძალაში რჩება, სადაც ”საინტერესო გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული”.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქრაძესთან ”მოსამზადებული შეხვედრის” გამართვის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული, რამოდენიმე ოპოზიციური ლიდერი ამის წინააღმდეგ იყო.

ამ შეხვედრას არ დასწრებიან ალიანსი თავისუფლებისთვის ლიდერები. ამ ალიანსის წარმომადგენელმა, პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება არათუ ბაქრაძესთან, არამედ სააკაშვილთან შეხვედრასაც კი, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება კომპრომისისთვის არ არის მზად.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ბაქრაძესთან შეხვედრის წინააღმდეგ იყო; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ისინი, ვინც ამის წინააღმდეგ იყო, ამას აღარ შეეწინააღმდეგებიან.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, დღეს 19:45 საათზე პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიციის ჯგუფსა და პარლამენტის სპიკერს შორის შეხვედრა ორივე მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. 

”იყო გარკვეული უთანხმოება ლიდერებს შორის ამ საკითხზე, მაგრამ ეს პროცესს არ შეაფერხებს,” – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილება პრეზიდენტ სააკაშვილთან შესაძლო მოლაპარაკებების ”ფორმატი”.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button