ახალი ამბები

ჩეხეთის ელჩი გმობს ”პოლიციის სამმართველოზე თავდასხმას”

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ივან ჟესტრაბმა განაცხადა 6 მაისს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას, რომ ”გუშინდელი თავდასხმა პოლიციის სამმართველოზე იყო დანაშაულებრივი ქმედება, აბსოლუტურად მიუღებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში,” იტყობინება ”როიტერი”.

მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც უცხოელ დიპლომატთა ჯგუფი თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის ორ მოადგილეს – ალექსანდრე ნალბანდოვს და დავით ჯალაღანიას შეხვდა.

ჩეხეთის ელჩმა, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა ”დაიწყონ მოლაპარაკებები არსებული სიტუაციის პოლიტიკურ მოგვარებაზე”.

”ძალიან უცნაურია, რომ ელჩებმა ასეთი კომენტარი გააკეთეს, მითუმეტეს ჩვენთან შეხვედრის გარეშე და ალბათ იმ შესაძლებლობის გარეშე, რომ თავიდან ბოლომდე ენახათ ფირი რა ხდებოდა იქ,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრამდე.

”არანაირი კრიმინალი იქ არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან. კრიმინალი ნამდვილად იყო ხელისუფლების მხრიდან. თუ ელჩები ამას გულისხმობენ მე, რა თქმა უნდა,  დავეთანხმები,” – განაგრძო მან. ”კრიმინალი იყო ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ ე.წ სპეციალური დანიშნულების რაზმი, უფრო სწორად სპეცდანიშნულების რაზმში ჩაცმული ადამიანები არცერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში მათი ქცევის მიხედვით არ ჩაითვლებიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებად იმიტომ, რომ არ არსებობს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც სპეცრაზმი მოქმედებს პრეზიდენტის – არა ქვეყნის, ხელისუფლების და პრეზიდენტის ინსტიტუტის  – არამედ პრეზიდენტის სახელით, იქცევა პროვოკაციულად და აღშფოთებულ მასას, რომელიც იქ არის მისული, ”მიშა, მიშას” ძახილით ხვდება”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button