ახალი ამბები

სააკაშვილი: მუხროვანის ინციდენტმა სახელმწიფოს ეფექტურობა აჩვენა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მუხროვანის ინციდენტით საქართველოს "ავტორიტეტს ზიანი მიადგა”, მაგრამ სახელმწიფოს აპარატმა დაამტკიცა, რომ ის ”ეფექტურია”, ”მოწოდების სიმაღლეზე” დგას და ”ძირშივე აღკვეთს” ყოველგვარი დესტაბილიზაციის მცდელობას.

”ცუდია, როცა ასეთი რამე ხდება მაგრამ ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ამის ასე ჩქარა დამთავრდება,”- განაცხადა მან, ”ჩვენ ვართ სხვა ქვეყანა, ახლა არიან სხვა შენაერთები, სხვა ოფიცრები, ბევრად უფრო გაიზარდა სახელმწიფო, სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები და არის ასევე სხვა პრეზიდენტი ამ ქვეყნის”.

”ჩვენ ასევე დავანახეთ, რომ შეიარაღებული ძალები არის ერთიანი, მათ არ გამოუჩნდათ არცერთი მხარდამჭერი პრაქტიკულად არცერთ შენაერთში, არცერთი მეთაური, რისი იმედიც ამ ჯარიდან გაგდებულ ხალხს ჰქონდა,”- განაცხადა მან.

პრეზიდენტი ამის შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობდა. ეს სატელევიზიო გამოსვლა ტელეკომპანია ”იმედმა” გადასცა წარწერით ”პირდაპირი”.

პრეზიდენტს გაერთიანებული შტაბის უფროსმა დევი ჭანკოტაძემ განუცხადა, რომ სამხედრო ნაწილებში არის სტაბილური სიტუაცია და როგორც დაგეგმილი იყო, იწყება ნატოს წვრთნები. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუხროვანის ამბოხება, რომლის უკანაც რუსეთი იდგა, მიზნად ისახავდა ამ წვრთნების ჩაშლას.

”საქართველოს მთელი სახელმწიფო აპარატი და მათ შორის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, გუშინდელი ინციდენტის ინსპირირება გარედან, სამხედრო ძალებიდან დათხოვნილი ყოფილი სამხედროების მიერ მოხდა და აღნიშნა, რომ ამბოხის მონაწილეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ”ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ ჯარისკაცებს იმაში, რაც მოხდა”, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს, რომ უკანონობას სჩადიოდნენ, თავისივე ინიციატივით დატოვეს სამხედრო ნაწილი.

მან ასევე განაცხადა, რომ მუხროვანის ნაწილი ალყაში იყო მოქცეული დანებებასთან დაკავშირებით მიცემული ერთსაათიანი ულტიმატუმის დროს, მაგრამ ”გარედან შესული კრიმინალები გაიძურწნენ უკანა კარებიდან… პრაქტიკულად შეატოვეს ეს პირადი შემადგენლობა ძალისმიერი აქციისთვის სახელმწიფოს შესაბამის შენაერთებს”.

”ჩვენ განვალაგეთ ჩვენი ძალები გარშემო, ყველა სიმაღლეზე განლაგებული იყო არტილერია, სატანკო ნაწილები და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იქნებოდა ძირშივე აღკვეთილი და ნეიტრალიზებული,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ჩვენ ყოველგვარ დესტაბილიზაცია ძირშივე აღვკვეთავთ, წინასწარ გამოვავლენთ და თუ ნიშნები შეიმჩნევა, იქვე დავასრულებთ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button