skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტზე თავდასხმის გამო სამი აქტივისტი დააკავეს

პოლიციამ განაცხადა, რომ ”ხულიგნობის ფაქტზე” დააკავა სამი ახალგაზრდა, რომელთაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს ნიკა ავალიანს.

5 მაისს, დილით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში შესასვლელის პიკეტირებისას ჟურნალისტმა ნიკა ავალიანმა გასასვლელში მდგარ საკანს, რომელიც ერთგვარ ”სირცხვილის დერეფანს” წარმოადგენს, რყევა დაუწყო. ამ ქმედების გამო ოპოზიციის ახალგაზრდული ჯგუფის ერთ-ერთმა აქტივისტმა მას სახეში სილა გაარტყა. ამის შემდეგ ავალიანიც ჩაერთო ჩხუბში და თან კოსტავას ქუჩისკენ გაიქცა, სადაც მას აქტივისტები დაედევნენ. დევნისას ადგილი ჰქონდა მორიგ ფიზიკურ შეხლა-შემოხლებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 მაისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ”პოლიტიკური ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ძალადობამ ღია და სასტიკი ხასიათი მიიღო”.

”რადიკალური ოპოზიციის ქმედება ყოველდღიურად უფრო აგრესიული ხდება,”- ნათქვამია განცხადებაში, ”რადიკალების ახალგაზრდა აქტივისტების უკანონო ქმედება პოლიტიკური ლიდერების თვალწინ და მათი უშუალო წაქეზებით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივად მოსჩანს მათ მიერ დეკლარირებული ტერორის ფონზე, რომელიც რადიკალებმა საზოგადოებრივ არხს ღიად, მათ მიმართ ორგანიზებულ მიტინგებზე გამოუცხადეს”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე ბრალს სდებს ოპოზიციას ბრძოლის ”ფაშისტური, შუასაუკუნებრივი მეთოდების” გამოყენებაში.

იმავდროულად, 5 მაისს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელმაც მკაცრად დაგმო ჟურნალისტებზე შეტევები, შეხვდა მედია-ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო არსებული ვითარების განსახილველად. ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორიც ლევან ყუბანეიშვილი, თუმცა არ დასწრებია დატვირთული სამუშაო გრაფიკის მოტივით. სოზარ სუბარმა 6 მაისს განაცხადა, რომ გეგმავს ყუბანეიშვილთან შეხვედრას რამდენიმე დღეში, რათა გააცნოს ის წინადადებები, რასაც შეუძლია არხის გარშემო შექმნილი ვითარება განმუხტოს. თუმცა მან ამ წინადადებების შინაარსზე არ ისაუბრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button