ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის პიკეტირებისას ინციდენტი მოხდა

დღეს დილით ოპოზიციის აქტივისტების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელების პიკეტირებისას ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტი მოხდა.

ტელევიზიებით გავიდა კადრები, სადაც პირველი არხის დილის გადაცემის ჟურნალისტი ნიკა ავალიანი მაუწყებლის ეზოდან გასასვლელში მდგარ საკანს ხელით არხევდა, როცა მას ოპოზიციის ახალგაზრდული ჯგუფის ერთ-ერთმა აქტივისტმა მელორ ვაჩნაძემ სახეში გაარტყა. ამის შემდეგ ავალიანიც ჩაერთო ჩხუბში და თან კოსტავას ქუჩისკენ გაიქცა, სადაც მას აქტივისტები დაედევნენ.

ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ მომხდარს ”პროვოკაცია” უწოდა და მოპიკეტეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

”ინციდენტის პროვოცირება მოახდინა ნიკა ავალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა  – და ”რუსთავი 2”-ის კამერა იდგა სწორედ იმ დროს და აფიქსირებდა ამას – რომელმაც მოინდომა შესასვლელში მდგომი სირცხვილის დერეფნის საკნის გადაბრუნება. აშკარა პროვოკაცია იყო ეს მისი მხრიდან, რასაც მოჰყვა სერიოზული აღშფოთება იქ მდგომი მოპიკეტეების. ერთ-ერთი ახალგაზრდა მას ალიყურით გაუსწორდა, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია. ჩვენ ნებისმიერ პროვოკაციას უნდა შევხვდეთ ძალიან მშვიდად და ჩვენ მოვუწოდეთ კიდეც ამისკენ. არავითარი პირადი ანგარიშსწორება არ უნდა მოხდეს,”- განაცხადა ნაჭყებიამ.  

მსგავსი/Related

Back to top button