skip to content
ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე: მაგისტრალების ბლოკირება ნატოს წვრთნების შემაფერხებელია

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაგისტრალური გზების ბლოკირების შესახებ წარმოადგენს ”კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს” სააკაშვილის ”რეჟიმთან” ბრძოლისას და არის  საქართველოში დაგეგმილი ნატოს წვრთნების შემაფერხებელი ფაქტორი, განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

”ქრისტიან-დემოკრატები მოვუწოდებთ პირველ რიგში ხელისუფლებასა და ასევე ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რათა შიდა ტაქტიკური პოლიტიკური ბრძოლები არ აქციონ საერთო ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებებად, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს,”- განაცხადა თარგამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა წვრთნები, რომელიც ნატოს ეგიდით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 მაისიდან 1 ივნისამდე გაიმართება. მასში თავდაპირველად მონაწილეობა უნდა მიეღო ნატოს 19 წევრ და პარტნიორ სახელმწიფოს. თუმცა, რუსეთის პროტესტის შემდეგ, ყაზახეთმა და მოგვიანებით სერბეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

იმავდროულად, თარგამაძემ განაცხადა, რომ იმ 7-პუნქტიანი გეგმის უარყოფით, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა წარადგინეს, ხელისუფლებამ და ”რადიკალური ოპოზიციის ერთმა ნაწილმა” კრიზისი კიდევ უფრო ღრმად შეიყვანეს ჩიხში.

თარგამაძის თქმით, მისმა პოლიტიკურმა ძალამ მოამზადა ”სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი დაძლევის კონკრეტული გეგმა”, რაც უახლოეს დღეებში გახდება საჯარო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button