გამსახურდია: პროცესი ჩიხში შევიდა
პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, განაცხადა, რომ პროცესი ჩიხში შევიდა და ჯერ-ჯერობით გამოსავალს ვერ ხედავს.
მან 30 აპრილს რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში არსებული ვითარება ჭადრაკში პატის სიტუაციას შეადარა. ”ჯერ-ჯერობით ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს,”- განაცხადა მან.
მისი პარტია მარტში შექმნილი ალიანსი თავისუფლებისთვის სუბიექტია, რომელშიც ასევე შედიან ტრადიციონალისტები; მომავლის პარტია და ქალთა პარტია. ალიანსი სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა შორისაა. თუმცა გამსახურდიამ განაცხადა, რომ მისი ჩართულობა ამ პროცესების დაგეგმარებაში უმნიშვნელოა.
მან აღიარა, რომ ადამიანების უმრავლესობა უკვე ეჭვის თვალით უყურებს მიმდინარე მოვლენებს.
”ოპოზიციაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის კაბინეტში აღდგომისთვის უკვე აღარ იქნებოდა. მე არ ვყოფილვარ ამ გულუბრყვილო ადამიანებს შორის,”- განაცხადა გამსახურდიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ სთავაზობდა ოპოზიციას ალტერნატიული მინისტრთა კაბინეტის შექმნას და დასძინა, რომ, მისი აზრით, ორხელისუფლებიანობის განცდის შექმნა აიძულებდა ხელისუფლებას მეტ დათმობებზე წამოსულიყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)