
აშშ ”სერიოზულად შეშფოთებულია” მოსკოვსა და სეპარატისტებს შორის სასაზღვრო შეთანხმებების გამო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა ”სერიოზული შეშფოთება” სასაზღვრო სფეროში იმ შეთანხმებების გამო, რომელიც რუსეთმა ”საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან” გააფორმა.
სხვა საკითხებთან ერთად, ეს შეთანხმებები ითვალისწინებს რუსეთის სასაზღვრო ძალების განლაგებას სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებზე.
”ეს ქმედება ეწინააღმდეგება საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს და არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,”- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს პატივი სცეს საკუთარ ვალდებულებებს 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შესაბამისად. ეს მოიცავს ძალების გაყვანას კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული მიზნებით თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფას და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეშვებას ორ რეგიონში ეთნიკური წმენდის ბრალდებათა გამოსაძიებლად. რუსი ჯარისკაცების კონტროლქვეშ ”საზღვრის” დადგენა კიდევ ერთი ნაბიჯია საწინააღმდეგო მიმართულებით,”- ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)