
ბურჯანაძე: პროტესტის წარუმატებლობა დიქტატურას მოიტანს
თუ მიმდინარე საპროტესტო აქციები შედეგს ვერ გამოიღებს, პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ უფრო გაიზრდის ძალაუფლებას და საქართველო გადაიქცევა ”დიქტატურად,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობის ერთიანი საქართველოს ლიდერმა 30 აპრილს.
”თუ ეს საპროტესტო აქციები წარმატებით არ დამთავრდება – ამის თქმა არც კი მინდა, მაგრამ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად – ასეთ შემთხვევაში მივიღებთ დიქტატურას, ეს იქნება საქართველოს გადაქცევა ავტოკრატიული ქვეყნიდან დიქტატურად,”- განაცხადა მან ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას.
30 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყებიდან 22-ე დღე იყო.
პარლამენტის წინ შეკრებილ ორიოდე ათას აქციის მონაწილის წინაშე გამოსვლისას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პროტესტი უნდა გახდეს უფრო სერიოზული და უფრო ეფექტური. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედებებმა უფრო რადიკალური ხასიათი უნდა მიიღოს, ”მაგრამ კონსტიტუციის ჩარჩოებში”.
იმავდროულად, გიორგი გაჩეჩილაძემ იგივე ”უცნობმა”, რომელიც თავისი სატელევიზიო შოუს მეშვეობით საპროტესტო აქციების არაფორმალურ ლიდერად იქცა, კიდევ ერთხელ განაცხადა 30 აპრილს, რომ უახლოეს ხანებში აპირებს დატოვოს თავისი საკანი და ჩაუდგეს სათავეში დასავლეთ საქართველოდან დიდ მსვლელობას. მისი თქმით, წინასწარი გეგმა ითვალისწინებს მსვლელობის დაწყებას ბათუმიდან. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ამ გეგმის ტექნიკური დეტალების დამუშავება, რასაც მომდევნო ორ დღეში გაახმოვანებს.
This post is also available in: English Русский