skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია აქციების რეგიონებში გამართვას გეგმავს

ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს 29 აპრილს, რომ ოპოზიცია გეგმავს ”აქციების გეოგრაფიულად გაფართოვებას” და ამ მიზნით საპროტესტო აქციებს რეგიონებშიც დაიწყებს.

მან არ დააკონკრეტა, თუ როდის აპირებს ოპოზიცია ამ კამპანიის დაწყებას და აღნიშნა, რომ ინფორმაციას ამის თაობაზე ოპოზიცია მოგვიანებით გაახმოვანებს.

”ქართველი ხალხი ძალიან გაბრაზებული და ძალიან პრინციპულია და ჩვენ ეს უნდა დავანახოთ ხელისუფლებას,” – განაცხადა მან, ”ჯარი ფაქტიურად ჩვენს მხარეს არის; ჯარი ქართულ მხარეზეა; ბევრი პოლიციელი გვეუბნება, რომ ისინი ჩვენ მხარეს არიან; მათ არ სურთ მანიაკი სააკაშვილის დაცვა”.

მანამდე 29 აპრილს ოპოზიციის ლიდერები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ექსპერტთა ჯგუფს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა მათთვის მიმდინარე აქციებზე და ოპოზიციის ტაქტიკაზე შეხედულებები გაეზიარებინათ.

შეხვედრის შემდეგ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის დიალოგისთვის, თუმცა დიალოგის დაწყებამდე საჭიროა ხელისუფლებამ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც აღადგენს მის მიმართ ნდობას.

მისი თქმით, ”ყველას მიაჩნია”, რომ ერთადერთი სწორი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად ”არის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და სააკაშვილის გადადგომა”

”ამასთან ერთად ქვეყანაში არსებობს ყველა სფეროში, თითქმის, პრობლემური თემა, რომლის პირველ რიგში დაყენებით შეიძლება ხელისუფლებას მოვთხოვოთ გადადგან ნაბიჯები დიალოგამდე, რაც გარკვეულწილად საზოგადოებას ნდობას გაუჩენს მის მიმართ,”- განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს, ”ასეთი შეიძლება იყოს: მედიის საკითხი, სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებული საკითხები, იგივე ის, რომ ბოლო პერიოდში 80-მდე თავდასხმა იყო საპროტესტო აქციის მონაწილეებზე და იგნორირებულია საერთოდ ხელისუფლების მხრიდან. ეს ის საკითხებია, რომელიც შესაძლებელია, რომ თუკი ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, საზოგადოებას ნდობა გაუჩნდეს დიალოგის მიმართ. ეს შეხვედრები გაგრძელდება,” – განაცხადა მან.   

მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეცვლილა ოპოზიციის მხრიდან, ”მაგრამ ასევე ჩვენ ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ თუკი შეხვედრა შედგა ხელისუფალთან ჩვენ მოვისმენთ თითონ როგორ უყურებს საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობას”. 

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც დიალოგის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან საუბრის ერთადერთი თემა შეიძლება იყოს პრეზიდენტის გადადგომა.

”ოპოზიციას უარი ხელისუფლებასთან საუბარზე არ უთქვამს,”- განუცხადა შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს, ”თუ ვინმეს აქვს დიალოგის გამართვის რესურსი, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს, ბუნებრივია, ჩვენ ხელს არ შევუშლით”.

მოგვიანებით იმავე დღეს ბურჯანაძემ გაიმეორა თავისი პოზიცია პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას და განაცხადა, რომ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.

”მათ სურთ დიალოგის გამოყენება პროტესტის მუხტის შესამცირებლად,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”ბევრ ადამიანს საზღვარგარეთ უკვირს, როდესაც ბურჯანაძე ამას იძახის დიალოგის შესახებ, მაგრამ მე მწარე გამოცდილება მაქვს, როდესაც მე ვენდე მათ, მაგრამ ბევრჯერ მომატყუეს”.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა მოგვიანებით მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციებით ზეწოლის გაგრძელებას ემხრობა. ”თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, შექმნას ჯგუფი, წავიდეს, მოიტანოს შედეგი ამ მოლაპარაკებების, რაც იქნება, თქვენთან,”- მიმართა მან მომიტინგეებს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button