გიგი წერეთელი ახალი ოპოზიციური პარტიების წარმოშობის შესაძლებლობაზე საუბრობს
გიგი წერეთელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ შესაძლებელია გაჩნდეს ახალი ოპოზიციური გაერთიანებები, რომლებიც ოპოზიციის ზომიერი ნაწილის ნიშას დაიკავებენ.
”აგრესიულ, მოექსტრემისტო პოლიტიკურ ორგანიზაციებს და მათ დოქტრინებს არ ექნებათ მომავალი საქართველოში და გაცილებით უფრო მეტი მომხრე იქნება ზომიერი, კონსტრუქციული ოპონირების,”- განაცხადა წერეთელმა, ”აი ამ ნიშას სამომავლოდ დაიკავებენ ან არსებული ზომიერი ოპოზიციური გაერთიანებები ან შეიძლება ახალიც შეიქმნას”.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ეჭქვეშ დააყენა ახალი პარტიების გაჩენის ეს იდეა.
”სახელისუფლებო კაბინეტებში როგორ ცხვება დემოკრატიული პარტიები?” – განაცხადა მან დღეს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, ”ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება ნებისმიერი ასეთი ტიპის პარტიის მიმართ და ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდება იმ ადამიანების მიმართ, ვინც შეეცდებიან დემოკრატიული იარლიყი მიიწებონ და ამ აქციებს არ დაუდგნენ გვერდში”.
გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი ”დაავადების მოხდას” შეადარა, რაც მისი თქმით, ორგანიზმის ”გამოჯანმრთელებით” დასრულდება. ”სამომავლოდ ქართული საზოგადოება იქნება ბევრად უფრო მდგრადი ასეთის ტიპის პროცესების მიმართ,”- განაცხადა მან ექიმებთან შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)