ახალი ამბები

”რუსთავი 2”-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ინციდენტი შეემთხვათ

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა და ოპერატორმა განაცხადეს, რომ 27 აპრილს პარლამენტის წინ დემონსტრაციის ადგილას უცნობმა ახალგაზრდებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ოპერატორმა ლევან კალანდიამ განაცხადა, რომ სამი ნასვამი ახალგაზრდა მიუახლოვდა მათ და ჟურნალისტ ნათია ლეკიშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ტელევიზიით გადაიცა კადრები, სადაც ჩანს როგორ ურტყამს ერთ-ერთი ახალგაზრდა მუშტს ოპერატორს.

იმავე საღამოს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი პარლამენტის შენობის წინ აქციიდან პირდაპირ ჩართვას ახორციელებდა, მას აქციის რამოდენიმე მონაწილე მას უსტვენდა და უყვიროდა: ”წადი, წადი.”

”რამოდენიმე ადამიანი რადიკალური ოპოზიციიდან ახლა აქ იმყოფება და ამ ფორმით მოგვმართავენ, რაც ჩვენს მუშაობას შეუძლებელს ხდის,” – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში.

მას შემდეგ რაც პირდაპირი ჩართვა დასრულდა, მომიტინგეებმა აქციების არასათანადოდ გაშუქების გამო ჟურნალისტის მიმართ პრეტენზიების გამოხატვა განაგრძეს.

იმავდროულად, უკვე მეორე დღეა რაც ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქციების ობიექტური გაშუქების მოთხოვნით ე.წ. ”სირცხვილის დერეფანს” აწყობენ დილის საათებში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button