ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩის განცხადების შემდეგ ოპოზიციას დიპლომატებთან კონტაქტების გაძლიერება სურს

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განუცხადა 27 აპრილს პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება შექმნან ჯგუფი, რომელსაც რეგულარული კონტაქტები ექნება საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან და აცნობებს მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადება, რომელიც მან 25 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და უცხოელ ელჩებს შორის შერატონ მეტეხი პალასში გამართულ შეხვედრამდე გააკეთა.

”მე ვგმობ იმ ფაქტს, რომ რამოდენიმე ასეული ადამიანის ქმედების გამო პარლამენტის თავმჯდომარე იძულებულია ჩვენთან ერთად სასტუმროში იმუშავოს. ეს კანონსაწინააღმდეგოა და ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ რამოდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა უკანონოდ იმოქმედოს დემოკრატიული ინსტიტუტის წინააღმდეგ. მიუღებელია, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ სასტუმროში მივიდეთ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ეს სამწუხაროა,” – განუცხადა საფრანგეთის ელჩმა ჟურნალისტებს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 25 აპრილს, რომ ”ხელისუფლება ბევრ ისეთ პროცესს ითმენს, რომელსაც ვერ მოითმენდნენ დასავლეთ ევროპული ქვეყნების მთავრობები”. ”ეს საჭიროა პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიისთვის ქვეყანაში,” – დასძინა მან.

24 აპრილს, საფრანგეთის ელჩის მიერ განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ევროკომისიის წარმომადგენლობამ და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: ”ისინი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უზრუნველყვეს ამ უფლების მშვიდობიანად გამოყენება და ამ პროცესში დაწესებულებების ფუნქციონირებას და მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას მინიმალური დაბრკოლებები შეექმნა. ისინი კიდევ ერთხელ კვლავ მოუწოდებენ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან ქვეყნის კანონები და საზოგადოების მშვიდობიანი შეკრების წესები”.

25 აპრილს, ფურნიეს განცხადებიდან რამოდენიმე საათში საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა მომიტინგეებს: ”მე ვფიქრობ, რომ ის [საფრანგეთის ელჩი] არ არის კარგად ინფორმირებული ჩვენი კანონების თაობაზე და ჩვენ მოვითხოვთ მასთან შეხვედრას, რათა ჩვენი კანონები ავუხსნათ”.

ალიანსი საქართველსთვის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს იმ დღესვე რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან იმ მოტივით, რომ მათ სურდათ ელჩის განცხადებისთვის მოესმინათ ორიგინალში, ქართული თარგმანის გარეშე. 27 აპრილს ახალი მემარჯვენეების წევრი ფიქრია ჩიხრაძეც შეუერთდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების რიტორიკას და განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს კანონების თაობაზე და საჭირო იყოს მასთან შეხვედრა, რათა აეხსნას, რომ ოპოზიცია კანონს არ არღვევს.

”სამთავრობო შენობის ან პარლამენტის პიკეტირება სულაც არ ნიშნავს ამ შენობების ბლოკირებას; ჩვენ არ ვახდენთ მათ ბლოკირებას. თუ ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები და დეპუტატები] ვერ შედიან პარლამენტის შენობაში, რადგანაც შეიძლება დისკომფორტი იგრძნონ მომიტინგეებს შორის გავლის გამო, ეს სხვა საკითხია, რასაც არაფერი აქვს საერთო შენობის ბლოკირებასთან,” – განაცხადა ჩიხრაძემ რადიო ”უცნობში” საუბრისას.      

9 აპრილის შემდეგ პარლამენტში სხდომები არ ჩატარებულა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეზღუდვები იმიტომ დაწესდა, რომ აღიკვეთოს პირდაპირი კონტაქტი მომიტინგეებსა და დეპუტატებს შორის.

კანონი მანიფესტაციების შესახებ კრძალავს პარლამენეტის, ასევე სხვა სამთავრობო შენობების და სასამართლოების შესასვლელების სრულ ბლოკირებას. ამჟამად მომიტინგეების იმპროვიზირებულ საკნებს რუსთაველის გამზირი აქვთ ბლოკირებული, ასევე რამოდენიმე სხვა ქუჩაც, თუმცა არა ყველა მათგანი პარლამენტის სიახლოვეს.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 27 აპრილს მომიტინგეებს განუცხადა, რომ იმ ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც დიპლომატიურ კორპუსთან იმუშავებს, შევლენ საქართველო გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა.

”დიპკორპუსთან, რომელსაც ხშირად ბევრ სიცრუეს აწვდის ჩვენი ”საყვარელი” ხელისუფლება, უკვე მუდმივად იმუშავებს რამოდენიმე კაციანი ჯგუფი,” – განაცხადა გამყრელიძემ. ”ეს ჯგუფი მუდმივად, ყოველდღიურად იქნება კონტაქტში დიპლომატიურ კორპუსთან, საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია რა ხდება რუსთაველზე, რა ხდება ოპოზიციაში, რა ხდება საზოგადოებაში და რა პროვოკაციებს აწყობს ხელისუფლება მუდმივად”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button